სააკაშვილი კლინტონს შეხვდა
ნიუ იორკში 21 სექტემბერს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრამდე გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დემოკრატიული რეფორმების მიმართ.
”ჩვენ ვმუშაობთ, რათა ვუზრუნველყოთ, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები და განხორციელდეს ქვეყნის რეინტეგრაცია, როგორც ეს უნდა მოხდეს,” – განაცხადა კლინტონმა. ”ჩვენ ასევე ვიცით, რომ დემოკრატიისა და ცვლილებების მიმართულებით მუშაობა, რის მიღწევასაც თქვენ ცდილობთ, საკმაოდ რთულია, მაგრამ ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ იმ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადაიდგას. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს და გვინდა, რომ დღეს აქ გავაკეთოთ ეს ძალიან ნათელი და ცალსახა განცხადება”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივანს ”იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ გამოხატავთ”.
”მე ვნახე თქვენი სტატია [სარაკეტო თავდაცვაზე] ამ დილით ლონდონის Financial Times-ში და ის ძალიან შთამბეჭდავი იყო, რადგანაც ის შეიცავდა ძალიან მკაფიო და არაორაზროვან გზავნილს… და ძალიან მადლიერი ვართ თქვენი იმ მორალური სიცხადისთვის, ასევე იმ სტრატეგიული ხედვისთვის, თუ როგორი უნდა იყოს აშშ-ს როლი ჩვენ რეგიონში,” – მიმართა სააკაშვილმა კლინტონს შეხვედრამდე.
კლინტონმა უპასუხა: ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამგვარი მიდგომა ბევრად უფრო ეფექტურია, და ის მოიცავს საქართველოს და კავკასიას და ის შეიცავს მკაფიო გზავნილს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა დაიცვას მთელი ევროპა მომდევნო წლებში. დიდი მადლობა”.
შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ შეხვედრის დროს კლინტონმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ ”არ აღიარებს და არც მომავალში აპირებს აღიაროს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი”.
”[მან] ნათლად დააფიქსირა, რომ ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებთან, რათა სხვა ქვეყნებმაც არ აღიარონ ისინი,” – განაცხადა გორდონმა.
”მან ასევე მკაფიოდ დააფიქსირა ჩვენი შეხედულება, რომ მხოლოდ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის პრობლემებზე მოკლევადიანი ფოკუსირება არ ხდება, თუმცა ჩვენ გვინდა, რომ რუსულმა ძალებმა რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ეს ტერიტორიები, მაგრამ წინსვლის საუკეთესო გზა იქნება სტრატეგიული მოთმინება, რომლის დროსაც საქართველო თავს წარმოაჩენს როგორც მიმზიდველ ადგილად, ძლიერ, დემოკრატიულ [ქვეყნად],- განაცხადა მან.
გორდონმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია დემოკრატიულ რეფორმებში და დასძინა: ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს უნდა გაგრძელდეს დემოკრატიზაციის გზაზე, მათ შორის სასამართლო სისტემის, მედიის და საარჩევნო რეფორმის სფეროებში”.
”არსებობს რეფორმების გარკვეული სფეროები, რომელთაგანაც რამოდენიმე დააყენა მთავრობამ, თუმცა ჯერ არ განხორციელებულა, როგორიცაა საარჩევნო კოდექსის შეცვლა, პარლამენტის გაძლიერება, მედიის მეტი თავისუფლება. ეს ის სფეროებია – უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა – ეს ის სფეროებია, სადაც სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს მეტ წინსვლას მიაღწიოს,” – განაცხადა გორდონმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)