PACE აგვისტოს ომის შედეგების შესახებ დოკუმენტს განიხილავს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) 29 სექტემბერს განიხილავს რეზოლუციის პროექტს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, რომელიც მოუწოდებს რუსეთს წლის ბოლომდე შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც PACE-ს 2009 წლის იანვრის და 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციებით დაეკისრა.

რეზოლუციის პროექტში ასამბლეა მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, რათა მან  სასამართლოს წინასწარი მოსმენის პალატას სთხოვოს ოფიციალურად დაიწყოს ნებისმიერი მხარის მიერ აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ასამბლეისთვის მიუღებელია ”როგორც საქართველოს, ისე რუსეთის აშკარა გულგრილი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ სამართლიანად იქნას გამოძიებული ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების შესახებ ბრალდებები”.

ცალკე პუნქტში, რეზოლუციის პროექტი ამ კუთხით რუსეთზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს რომ ასამბლეა ”გმობს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების და რუსეთს იმის გამო, რომ არ შეაჩერეს და სერიოზულად არ გამოიძიეს ქართველების ეთნიკური წმენდა, რასაც, ყველა მონაცემებით, ნამდვილად ჰქონდა ადგილი”.

რეზოლუციის პროექტში ჩამოთვლილია ის ვალდებულებები, რის შესრულებასაც ასამბლეა ”კატეგორიულად სთხოვს” რუსეთს წლის ბოლომდე, მათ შორისაა ევროკავშირის დამკვირვებლების შეშვება სეპარატისტულ რეგიონებში; ეთნიკური ქართველებისთვის ადმინისტრაციულ საზღვრებზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა; სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ყველა დევნილის დაბრუნების უფლების აღიარება; ეთნიკური წმენდის ფაქტების გამოძიების დაწყება.

მონიტორინგის კომიტეტის მიერ ასამბლეისთვის განსახილველად წარდგენილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ მას რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა ”გარდაუვლად მიაჩნია” 2010 წლის იანვრის სხდომაზე, თუ რუსეთის ხელისუფლება კვლავ განაგრძობს თავისი ვალდებულებების იგნორირებას. ასამბლეის 72-მა წევრმა უკვე მოაწერა ხელი შუამდგომლობას რუსული დელეგაციისთვის მანდატის შეჩერების მოთხოვნით.

რუსეთის დელეგაცია აცხადებს, რომ მოსკოვის მიერ ასამბლეის მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია, რადგან რუსეთმა უკვე აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

თუმცა, რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ასამბლეის მოთხოვნათა უმეტესობას არაფერი აქვს საერთო ამ ორი რეგიონის სტატუსთან.

”[ასამბლეას] მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ მისდამი წაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობა ხაზს უსვამს, რომ რუსეთს არ გააჩნია პოლიტიკური ნება გადაწყვიტოს ომის შედეგებთან დაკავშირებული საკითხები იმგვარად, როგორც ეს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს შეეფერება,” – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)