ქრისტიან-დემოკრატები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კონსულტაციებისკენ მოუწოდებენ

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა პარტიამ ქრისტიან-დემოკრატებმა მოუწოდეს ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს დაიწყონ კონსულტაციები იმ კანდიდატურების შესარჩევად, რომლებიც დაიკავებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შვიდ ვაკანტურ თანამდებობას.

”ჩვენ მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაინტერესებულ პირებს დავიწყოთ კონსულტაციები ამ შვიდ ვაკანსიაზე პრინციპული მიუკერძოებელი და პროფესიული კადრების შესავსებად,”- განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ლევან ვეფხვაძემ, ვიცე-სპიკერმა ქრისტიან-დემოკრატებიდან.

პარლამენტმა 22 სექტემბერს მიიღო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლითაც სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-დან 15-მდე გაზარდა. აქამდე არსებული ცხრა ადგილიდან რვა უკვე შევსებულია და მიღებული ცვლილებებით, უკვე არჩეულ მეურვეებს თანამდებობები უნარჩუნდებათ.

20 ივლისს პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას შეეძლება დაიკავოს თანამდებობები სამეურვეო საბჭოში; მისი თქმით, ერთი ადგილი უნდა გამოიყოს არასამთავრობო სექტორისთვის.

”ჩვენი ინიციატივა გახლდათ პრეზიდენტის შეთავაზება, რომ მომხდარიყო მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახლებურად დაკომპლექტება პარიტეტული სქემით 7+7+1, რაც გამორიცხავდა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღებას და უზრუნველყოფდა პოლიტიკურ ბალანსს მაუწყებლის საბჭოში… მე იმედი მაქვს, რომ იქნება მსურველი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საბჭოს დაკომპლექტების პროცესში,”- განაცხადა პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ 29 სექტემბერს. 

თუმცა, ფორმულა 7+7+1, რაც გულისხმობს ოპოზიცისა და ხელისუფლების პარიტეტულ წარმომადგენლობას არასამთავრობო სექტორიდან არჩეულ ერთ წევრთან ერთად, ვერ იმუშავებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამეურვეო საბჭოს უკვე ჰყავს 8 წევრი, მისი თავმჯდომარის ჩათვლით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)