ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობს

1 ოქტომბერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიგაუდას უშაცკასი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

იგი უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს, ასევე დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან.

თბილისში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ვიგაუდას უშაცკასმა ტალიავინის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შარშანდელი აგვისტოს ომის გამოძიება არასწორი იდეა იყო.

”არა მგონია, რომ პრაგმატულად სასარგებლო იყოს კონფლიქტიდან ერთი წლის შემდეგ, ჩავერთოთ არცთუ სასარგებლო დებატებში იმაზე, თუ ვინ უნდა იქნას დადანაშაულებული,”- განუცხადა მან  euobserver.com-ს 30 სექტემბერს, ”საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო ადრე რომ ჩარეულიყო და შეეთავაზებინა ინტეგრაციის პერსპექტივა საქართველოსთვის ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა”.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი თბილისში ვიზიტი არის ”ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატულება”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)