რუსეთის დელეგაციამ PACE-ში ხმის უფლება შეინარჩუნა

როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ დააკმაყოფილა ასამბლეის 72 წევრის შუამდგომლობა, რომელიც რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებდა იმ მოტივით, რომ მოსკოვმა არ შეასრულა შარშანდელ აგვისტოს ომთან დაკავშირებით მასზე დაკისრებული არც ერთი ვალდებულება.

”მიუხედავად რუსეთის მიერ მოთხოვნების უმეტესობის შეუსრულებლობისა, ასამბლეამ გადაწყვიტა რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების რატიფიცირება მოახდინოს იმ პირობით, რომ ეს შესაძლებლობას მისცემს რუსეთის ხელისუფლებას მნიშვნელოვან და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს, რათა მოაგვაროს საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ ასამბლეის რეზოლუციაში ნახსენები საკითხები,” – განაცხადა ასამბლეამ რეზოლუციაში, რომელიც 1 ოქტომბერს 88 ხმით 35-ის წინააღმდეგ მიიღეს.

29 სექტემბერს ასამბლეამ ცალკე რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მოუწოდებს რუსეთს წლის ბოლომდე შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)