ოპოზიცია სააკაშვილის კრიტიკას აძლიერებს ”ტალიავინის დასკვნის” შემდეგ

არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა გააძლიერეს პრეზიდენტ სააკაშვილის კრიტიკა იმ დასკვნის საფუძველზე, რომელიც ევროკავშირის ეგიდით შექმნილმა მისიამ ცხრათვიანი გამოძიების შედეგად 30 სექტემბერს გამოაქვეყნა.

ნინო ბურჯანაძემ, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერმა განაცხადა, რომ დასკვნა ”ობიექტურია”, მიუხედევად იმისა, რომ ის ”ჩვენი ქვეყნისათვის და თავად ხელისუფლებისათვის უმძიმეს შეფასებებს შეიცავს”.

”სამართლიანობა მოითხოვს, გაიმიჯნოს საქართველოს სახელმწიფო და სააკაშვილის რეჟიმი, რომელმაც ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, როცა საკუთარ ხალხზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს,”- განაცხადა ბურჯანაძემ. 

”სწორედ სააკაშვილის უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივმა ქმედებებმა შელახა ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, უზრუნველყო რუსეთის მიზნების განხორციელება როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში, გაურკვეველი ვადით დაგვაშორა კონფლიქტების მშვიდობიანი და პოლიტიკური მოგვარების პერსპექტივას, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას,”- განაგრძო მან, ”ამ დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო, უუნარო ხელისუფალი, რომელიც ქვეყნის სტაბილურობისათვის საფრთხეს წარმოადგენს და რომელსაც ქვეყანა ჩიხისკენ მიჰყავს”.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ”კონტროლირებადი მედიის საშუალებით” დასკვნაში მოყვანილი ფაქტები ”დამალა და დაამახინჯა”, რაც  ”საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაულია”.

მან ასევე მოუწოდა ყველა იმ ძალას, რომელიც ”არ შეურიგდება და არ გაურიგდება ამ ხელისუფლებას”, რომ დაიწყოს კონსულტაციები ”იმ ქმედებების განსახორციელებლად, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სააკაშვილის რეჟიმისგან განთავისუფლებას”. ”ეჭვგარეშეა, რომ ასეთ ხელისუფალს არა აქვს უფლება მართოს ქვეყანა,”- აღნიშნა ბურჯანაძემ.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ”ძალიან მძიმეა” ის შეფასება, რომელსაც ტალიავინის დასკვნა ”პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებებს” აძლევს, თუმცა ეს არ ცვლის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს  –  ”საჭიროა უახლოეს შესაძლო ვადებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით ხელისუფლების კონსტიტუციური და მშვიდობიანი შეცვლა”.

”ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურად უპასუხისმგებლო და წინდაუხედავმა გადაწყვეტილებამ გაეხსნა ცეცხლი ცხინვალის მიმართულებით, საფრთხის ქვეშ დააყენა სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის დამოუკიდებელი განვითარების მომავალი,”- განაცხადა ალასანიამ 1 ოქტომბერს, ”ამ გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ თავიდან ვერ აგვაცილა რუსეთის მხრიდან საქართველოს სამხედრო ოკუპაცია, არამედ აგრესორს შეუქმნა საქართველოს ტერიტორიაზე მასშტაბური შემოჭრის საბაბი”.

ომი, რომელზეც, მისი თქმით, რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა სამხედრო აგრესიისთვის,  ტერიტორიების ოკუპაციისთვის და ეთნიკური წმენდისთვის, ”არ იყო გარდაუვალი”.

”ალიანსის რწმენით, ყველამ ობიექტურად უნდა შევაფასოთ საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეები და ვებრძოლოთ ომის ტრაგიკულ შედეგებს, ვიზრუნოთ ეთნიკური წმენდის შედეგად ათი ათასობით დევნილი თანამოქალაქის უფლებების აღდეგნისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მივაღწიოთ რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, დეოკუპაციას და არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას. ჩვენ შევძლებთ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების აღდგენას, ახლიდან დავიწყებთ ერთიანი და მშვიდობიანი  მომავლის შენებას,”- განაცხადა ალასანიამ.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტი სააკაშვილი.

”პრეზიდენტის დამსახურებით ევროკავშირის სპეციალურმა კომისიამ ცნობილი ომის გაჩაღებაში საქართველო ცალსახად გამოაცხადა აგრესორად, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ საერთაშორისო იზოლაციას, მისი შემდგომი დაშლის შეუქცევადობას, ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მსოფლიო აღიარებათა პროცესის შემდგომ კიდევ უფრო დაჩქარებას და ფინალურ სტადიაში, თვითგამანადგურებელ სამოქალაქო დაპირისპირებას ჩვენს სამშობლოში,”- განაცხადა მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

კონსერვატორების თანათავმჯდომარემ კახა კუკავამ განაცხადა, რომ  ”ტალიავინის დასკვნას” სავარაუდოდ რუსეთი საქართველოზე ზეწოლის ახალ ბერკეტად გამოიყენებს.

”მაინტერესებს საქართველოს ხელისუფლებას რა სტრატეგია აქვს და როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა,”- განაცხადა მან და დასძინა: ”ერთგვარი ირონიაცაა იმაში, რომ მოსკოვი და თბილისი ერთნაირად ეთანხმებიან, რომ ამ დასკვნაში ყველაფერი სწორადაა აღნუსხული და ორივეს აწყობს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)