სააკაშვილის კიდევ ერთი კომენტარი აგვისტოს ომის ანგარიშზე

ტალიავინის კომისიის ანგარიშზე ოპოზიციის რეაქციის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა კვლავ გააკეთა კომენტარი ამ საკითხზე 2 ოქტომბერს გამართულ ორ სხვადასხვა ღონისძიებაზე და განაცხადა, რომ ანგარიშმა დაადასტურა ის, რასაც საქართველო საუბრობდა ომზე და მის მიზეზებზე.

ლიტვის ყოფილი პრეზიდენტის ვიტაუტას ლანდსბერგისის წმინდა გიორგის ორდენით ჯილდოების ცერემონიალზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”პირველად ისტორიაში გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი პირდაპირ დაადანაშაულეს სამხედრო დანაშაულში”.

ანგარიშის შესახებ 1 ოქტომბერს გაკეთებული პირველი კომენტარისგან განსხვავებით, ამჯერად სააკაშვილმა უფრო მეტი ისაუბრა ანგარიშის იმ ნაწილზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ცხინვალის ”დაბომბვა” საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ 7-8 აგვისტოს ღამეს ”ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების მაუწყებელი იყო”.

”მე კიდევ ერთხელ მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო – ჩვენი წმინდათაწმინდა მოვალეობა იყო, როცა უცხო ქვეყნის ჯარი შემოდის ჩვენ ქვეყანაში, მას გავუწიოთ ყველანაირი წინააღმდეგობა,” – განაცხადა მან.

ასევე 2 ოქტომბერს გაკეთებულ ცალკე განცხადებაში მცხეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა: ”არ გვჭირდება ვინმესგან ჭკუის სწავლება. ჩვენ მადლიერი ვართ ევროპის სიმართლის თქმისთვის… მაგრამ ჩვენ ისე მოვიქეცით, როგორც მოიქცეოდა ინგლისი, გერმანია ან საფრანგეთი და არა როგორც ფარჩაკები”.

”ისინი, ვინც არ გაისროლეს, რუქიდან გაქრნენ… ფინეთმა გაისროლა და შეინარჩუნა დამოუკიდებლობა,” – განაცხადა სააკაშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა საბჭოთა ჯარების თავდასხმა ფინეთზე 1939 წელს.

”ჩვენი ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ როდესაც მტერი შემოდის შენ ტერიტორიაზე, შენ უნდა შეეწინააღმდეგო, როგორც ეს ფინეთმა გააკეთა”.

ქვემოთ მოცემულია სააკაშვილის განცხადების ის მონაკვეთი, რომელიც მან დაჯილდოების ცერემონიალზე გააკეთა:

"მინდა ამ თემას დავუბრუნდე ხელახლა, ისევ და ისევ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი – ე.წ. დამოუკიდებელი კომისიის მოხსენება საქართველო-რუსეთის ომზე.

ამ მოხსენებამ დაადასტურა, რომ ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვამბობდით რომ მოხდა შარშან, იყო სიმართლე.

ჩვენ ვამბობდით, რომ რუსეთი აიარაღებდა სეპარატისტებს, პროვოცირებდა მათ და აღმოჩნდა სიმართლე, რადგან ყველამ იცის, რომ სიმართლეა, დადასტურდა; ჩვენ ვამბობდით, რომ იყო პასპორტიზაცია უკანონო – დადასტურდა; ჩვენ ვამბობდით, რომ არანაირი მოქალაქეები საქართველოში მათ დასაცავი არ ჰყავდათ – დადასტურდა; და ჩვენ ვამბობდით, მე ვამბობდი და ჩემი მთელი რეპუტაცია დავდე სასწორზე, რომ რუსული რეგულარული ჯარი შემოვიდა საქართველოში 7 აგვისტომდე, ე.ი. ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ აგრესიას და ესეც ამ კომისიამ დაადასტურა.

ყველაზე მეტად ამის დამტკიცება იყო ძნელი იმის გამო, რომ იყო შენიღბულად, მაგრამ ძალიან კარგად იმუშავეს შეიძლება ჩვენმა ჯგუფებმა და ასევე ჩვენმა მეგობრებმა, მათ შორის რუსმა მეგობრებმაც – ძალიან კარგი გამოკვლევა იყო ანდრეი ილარიონოვის, ძალიან კარგი ფილმი ანდრეი ნეკრასოვის და ბევრი სხვა ნამდვილი რუსი პატრიოტის.

რა თქმა უნდა, როდესაც ეს ყველაფერი დადასტურდა, გამზადებული საბრალდებო დასკვნაა. პირველად ისტორიაში უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი დაადანაშაულეს სამხედრო დანაშაულებში, პირდაპირ ხელი დაადეს, პირდაპირ ხელი დაადეს ეთნიკურ წმენდაში ე.ი. კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში და პირდაპირ ხელი დაადეს აგრესიაში.

ეს იყო ფაქტების დამდგენი მისია. ამ მისიის ფუნქცია არ ყოფილა დასკვნების გაკეთება, მაგრამ მისიამ მაინც აიღო თავის თავზე დასკვნების გაკეთება და ბოლოს თქვა: ’ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ მართალია რუსეთის ჯარი იყო შემოსული საქართველოში, მაგრამ საქართველომ მაინც პირველმა გაისროლა და ამიტომ ეს არის გარკვეული ნორმები, რომელიც დაირღვა’.

მე არ ვიცი და აქ არის ბევრი განათლებული და განსწავლული ადამიანი და ჩემზე ბევრად განსწავლულიც შეიძლება, მაგრამ არ არის საჭირო  – შეიძლება უკეთესი პროფესორები მყავდა საერთაშორისო სამართალში, ვიდრე ზოგიერთ დასკვნის გამკეთებელ ევროპელ ექსპერტს, მაგრამ ამისთვის სულაც არ არის საჭირო პროფესორები სერიოზული და არც დიდი ცოდნა.

ნებისმიერი პირველკურსელი გეტყვით, როდესაც უცხო ქვეყნის ჯარი და თან როგორი უცხო ქვეყნის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გემუქრება ომით, ღიად, რომელიც რეალურად აწარმოებს ომს და ეს ყველამ იცის და კომისიამ თქვა, რომ ეს კონფლიქტი არ დაწყებულა გუშინ. როცა მისი კარგად შეიარაღებული სადესანტო ჯარები შემოდის საქართველოში, ამას ქვია უცხო ქვეყნის პირდაპირი საგარეო აგრესია.

მეორე ალტერნატივაა, რომ ალბათ დესანტნიკები შემოიყვანეს გვირილების დასაკრეფად, მოენატრათ თლიაყანის მთის ნახვა ლიახვის ხეობაში. მაგრამ ეს რომ თქვას, მაშინ უნდა პირდაპირ ხელბორკილი დაადოს და დაიჭიროს. და ამის თავი არ აქვს. 

და ზოგიერთ ჩვენ თანამემამულეს იმის თავმოყვარეობა არა აქვს, რომ აღიაროს რომ ეს ასეა და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი სიმართლე ბოლომდე არ გავიტანოთ, ჩვენი სიმართლე დადასტურდა და გაგვიხარდეს ეს და პირიქით, ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ მოხდეს ქვეყნის დეოკუპაცია. 

სიმართლე იპოვის თავის გზას და მე ყოველთვის ვწუხდი და ყველანი ჩვენ ვწუხდით, რომ ვერ დავადასტურეთ ეთნიკური წმენდა აფხაზეთში მაშინ, ახლა დადასტურდა; ვერ დავადასტურეთ რუსეთის მონაწილეობა და ახლა პირდაპირ დადასტურდა; ვერ დავადასტურეთ ვერასდროს აგრესია და ახლა ფაქტობრივად დადასტურდა იმიტომ, რომ ამის საბოლოო განმარტება ნიშნავს, რომ მაშინ მთელი ევროპა ფეხზე უნდა დადგეს და თავისი ყველა რესურსი გამოიყენოს. ამის ილუზია, რომ ეს ერთ დღეში არ მოხდება არც მე და არც ჩემ მეგობრებს არ აქვთ იმიტომ, რომ მართლაც ბევრი მწარე გამოცდილება აქვთ ამ კუთხით. მაგრამ ჩვენ ერთი რამ კარგად ვიცით, ალტერნატივა დემოკრატიულ ევროპულ არჩევანს საქართველოსთვის არ აქვს.

მე კიდევ ერთხელ მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო – ჩვენი წმინდათაწმინდა მოვალეობა იყო, როცა უცხო ქვეყნის ჯარი შემოდის ჩვენ ქვეყანაში, მას გავუწიო ყველანაირი წინააღმდეგობა. 

ჩვენ ეს გავაკეთეთ და მე ამას ერთი წუთით არ ვნანობ. 

მე ვამაყობ იმით და ეს დადასტურდა, რომ არც ერთი ქალი და ბავშვი არ დაღუპულა  – გენოციდზეც კი არ არის საუბარი – ჩვენი ოპერაციის შედეგად. ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა დეოკუპაციისთვის გაგრძელდება ამ ბრძოლის საბოლოო დასრულებამდე.

მე მინდა ვკითხო იმ ხალხს, ვისაც არ უნდა თვალებში შეხედოს რეალობას – როგორ მოიქცეოდა ამ სიტუაციაში საფრანგეთი, როგორ მოიქცეოდა გერმანია? ისტორიულად ვიცით, რომ ესპანეთის არმადა შევიდა ბრიტანეთის ნაპირებთან და ბრიტანელებმა პირველად ესროლეს არმადას. ბრიტანეთმა დაიწყო ომი, თუ ესპანეთმა. თუ ყველაფერი რაც სწორია ევროპისთვის, არ არის სწორი საქართველოსთვის. მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებენ ცივილიზებული ერები, ერთი ერთზე გამოდგება საქართველოსთვის. მერე რა, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა – ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანაზე დიდი ისტორია და ცივილიზაცია გვაქვს და ასევე გამბედაობა. ბევრწილად, მათ შორის ლიტვის ბედი და ბევრი თავისუფლების მოყვარე მეგობრის ბედი დღეს წყდება საქართველოში. ჩვენ ილუზია არ გვაქვს, რომ ისინი თავს დაგვანებებენ და მაგრამ არც ერთი წუთით არ ვიტყვით უარს იმაზე, რომ გავაგრძელოთ წინსვლა იმისათვის, რომ შევქმნათ სრულფასოვანი სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული და თავისუფალი”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)