საგარეო უწყება რუსეთის ბრალდებებს პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 13 ოქტომბერს, რომ რუსეთის ბრალდებები, რომ თითქოს თბილისი ალ-ყაიდას ეხმარება, ”სერიოზულ შეშფოთებას” იწვევს.

რუსეთის ფედერარული უშიშროების სამსახურის (FSB) უფროსმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა 13 ოქტომბერს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ”ალ ყაიდას” ემისრებს მებრძოლების და შეიარაღების, შესაბამისად, ჩეჩნეთში და დაღესტანში გაგზავნაში ეხმარებოდნენ.

საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ამ ”აბსურდულობის” გავრცელების ”ისტერიული კამპანია” არის მოსკოვის მცდელობა ”დაადანაშაულოს საქართველო იმ კატასტროფულ მდგომარეობაში, რომელიც თავად რუსეთმა შექმნა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში”.

”კრემლის მიერ ატეხილმა პროპაგანდისტულმა ხმაურმა ვითარების ნორმალიზაციისა და სტაბილიზაციის თაობაზე, ვერ გადაფარა ამ რეგიონში რეალურად შექმნილი უმძიმესი ვითარება, კერძოდ კი ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტი ცხელ ფაზაშია. კრემლი აცნობიერებს, რომ მისი მცდელობები კონტროლს დაუქვემდებაროს ვითარება ამაოა და მიმართავს უკვე ნაცად საბჭოურ მეთოდებს და საკუთარი უსუსურობის შენიღბვას გარეშე მტრის ფაქტორით ცდილობს,” – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

მისივე თქმით, ამ ბრალდების სცენარი ”დაიბადა აშკარად დაავადებულ ტვინებში”.

”იმპერიალისტური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კრემლი ნებისმიერ საბაბს გამოიყენებს, რათა მაქსიმალურად დაძაბოს ვითარება საქართველოს საზღვრებთან და შექმნას მისთვის სასურველი ფონი სამხედრო პროვოკაციების განსახორციელებლად მშვიდობიანი, დემოკრატიული ქვეყნის წინააღმდეგ,” – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)