კლინტონის მორიგი კომენტარი საქართველოზე
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა 14 ოქტომბერს მოსკოვში, რომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ”არც ქართველებმა, არც სამხრეთელმა ოსებმა და არც აფხაზებმა გააკეთონ რაიმე პროვოკაციული”.
”ჩვენ ამას ვეუბნებით ქართველებს და დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მთავრობამაც იგივე უთხრა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხალხებს,” – განაცხადა მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
”უპირველესი და უმნიშვნელოვანესი მიზანი უნდა იყოს იმის უზრუნველყოფა, რომ აღარ მოხდეს კონფლიქტი. პრობლემები დიპლომატიურ პოლიტიკურ ჭრილში უნდა მოგვარდეს და თავიდან უნდა იქნას აცილებული რაიმე შემდგომი სამხედრო ქმედება”.
”ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია დამკვირვებლების და სამშვიდობოების მუდმივი ყოფნა, რათა არ იყოს საფუძველი ან შესაძლებლობა იმისთვის, რაც შემდგომ სისხლისღვრას გამოიწვევს,” – განაცხადა მან.
”მინისტრ ლავროვთან შეხვედრების დროს [13 ოქტომბერს] ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ხელახლა მივუბრუნდეთ საკითხს და შევქმნათ სტატუსის საკითხისგან დამოუკიდებელი მიდგომა, შევქმნათ ბუფერული ზონის მსგავსი რამ, სადამკვირვებლო პოზიციის მსგავსი რამ ჟენევის [დისკუსიების], გაეროს, ეუთოს საშუალებით,” – დასძინა კლინტონმა.
მისი თქმით, ეს ის საკითხია, რომელზეც ორ ქვეყანას განსხვავებული პოზიცია აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია ამ საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელება.
კლინტონმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც ის სახელმწიფო მდივანი გახდა, ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები შეჩერებული იყო, აგვისტოს ომის შემდეგ.
”ნატო-რუსეთის საბჭომ შეწყვიტა მუშაობა იმ ძალიან ძლიერი გრძნობების გამო, რომელიც ბევრ ადამიანს ჰქონდა საქართველოში მომხდართან დაკავშირებით. და ჩემი პოზიცია იყო, რომ შეიძლება არ ეთანხმებოდე იმას, თუ რა მოხდა საქართველოში, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ საუბარი. ჩვენ უნდა განვაგრძოთ საუბარი. ამიტომ, ჩვენ აღვადგინეთ ნატო-რუსეთის საბჭო, რათა გვქონდეს ფორუმი, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთს შეეძლებათ მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეთ იმ დროს, როდესაც რაღაც ხდება, რაც შესაძლოა სერიოზული გამოწვევა გახდეს ჩვენი ურთიერთობისთვის,” – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)