საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი საქმიანობას შეუდგა
აშშ-ს ახალმა ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 16 ოქტომბერს პრეზიდენტ სააკაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ბასი, რომელმაც ელჩის პოსტზე ჯონ ტეფტი შეცვალა, შარშან ივლისიდან მსახურობდა ერაყში, სადაც ხელმძღვანელობდა სამოქალაქო და სამხედრო პირებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს, რომლის ფუნქციაშიც ერაყის პროვინციებში მმართველობის ინფრასტრუქტურის აღდგენაა. ჯონ ბასი ამ კუთხით ბაღდადის პროვინციაზე იყო პასუხისმგებელი.
ბასი, რომელიც კარიერული დიპლომატია, ბაღდადში დანიშვნამდე სამი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც კრიზისების მართვის ჯგუფს წარმოადგენს.
წარსულში ბასი ასევე მსახურობდა იტალიაში, ბელგიასა და ჩადში და სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა თურქეთის, კვიპროსისა და ნატო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)