ნოღაიდელი ”სახალხო დიპლომატიის” დაწყების მიზნით მოსკოვს სტუმრობს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციური მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში იმყოფება, სადაც, როგორც მან აღნიშნა, შეხვედრებს მართავს რუსეთში ქართული, აფხაზური და ოსური დიასპორების წარმომადგენლებთან.
26 ოქტომბერს რადიოსადგურ ”ეხო მოსკვი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ვიზიტი არის მისი მცდელობის ნაწილი დაიწყოს ”სახალხო დიპლომატია”, ხოლო პრიორიტეტს ნდობის აღდგება წარმოადგენს, რათა არ მოხდეს აგვისტოს ომის ხელახალი გამეორება. მან ასევე განაცხადა, რომ მისი მიზანია კონტაქტები დაამყაროს და ნიადაგი მოამზადოს სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში მისი პარტიის ხედვის განსახორციელებლად, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.
”სააკაშვილს რომ ჰქონოდა დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, აქ სულაც არ ჩამოვიდოდი. ნათელია, რომ კედელი ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის არ აშენებულა მხოლოდ იმ [რუსული] სამხედრო ბაზებით, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშია განთავსებული, მაგრამ, სამწუხაროდ სააკაშვილის და მისი გარემოცვის მიერაც,” – განაცხადა მან.
ნოღაიდელის თქმით, ორი რეგიონის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები ”შეიძლება განვიხილოთ და უნდა განვიხილოთ მოგვიანებით”.
”მე არ ვიცი, როდის შეიძლება განვიხილოთ ეს საკითხი, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიწყოთ იმ საკითხების განხილვით, რომელიც უკავშირდება ომის თავიდან აცილებას და კონფლიქტების ძალისმიერი გზით მოგვარების გამორიცხვას,”- აღნიშნა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ დიალოგი უნდა დაიწყოს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და დასძინა, რომ დევნილთა და ადგილნაცვალ პირთა დაბრუნება არ უნდა გახდეს დიალოგის დაწყების წინაპირობა.
”ახლა ამ საკითხის წინაპირობად დაყენება აბსოლუტური უაზრობაა. რა თქმა უნდა, დევნილთა დაბრუნება, საბოლოო ჯამში, ჩვენი უმთავრესი საკითხია და ის უნდა გახდეს მოლაპარაკებების ნაწილი. მაგრამ ის არ უნდა გახდეს წინაპირობა [მოლაპარაკებების დასაწყებად],” – განაცხადა ნოღაიდელმა.
მისი თქმით, თბილისმა უნდა აღადგინოს ეკონომიკური კავშირები ცხინვალთან და სოხუმთან, რათა დაეხმაროს ”ამ რეგიონების გამოყვანას ეკონომიკური იზოლაციიდან”.
”რა თქმა უნდა, ისინი მთლიანად იზოლირებულნი არ არიან ახლა, რადგანაც მათ სავაჭრო ურთიერთობები აქვთ რუსეთთან; თუმცა მხოლოდ რუსეთთან,” – განაგრძო ნოღაიდელმა, ”მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები არა მხოლოდ მათ [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს] და დანარჩენ საქართველოს შორის, არამედ დანარჩენ მსოფლიოსთანაც… თბილისსა და ცხინვალს შორის უნდა აღდგეს ავტობუსის მოძრაობა; და უნდა აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთთან… თვითმფრინავები უნდა დაფრინავდნენ სოხუმის აეროპორტიდან და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ პირველი ფრენა განხორციელდეს არა მოსკოვში, სტამბოლში ან ბრიუსელში, არამედ თბილისში”.
ნოღაიდელმა ასევე განაცხადა, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები აფხაზეთთან და ოსებთან არ დასრულდება კონკრეტული ქმედებებით, თუ პარალელურად განხორციელდება კონფრონტაციული პოლიტიკა რუსეთის მიმართ.
”აშკარაა, რომ იმისათვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას აფხაზეთთან და ოსებთან მოლაპარაკებებში, საჭიროა, რომ არ გვქონდეს რუსეთთან ისეთი კონფრონტაციული ურთიერთობები, როგორიც დღეს გვაქვს,” – განაცხადა მან.
ნოღაიდელის თქმით, კონტრპროდუქტიულია რუსეთის ამჟამინდელი პოზიცია, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს საქართველოსთან პირდაპირ მოლაპარაკებებს, თუ სათავეში ახალი ხელისუფლება მოვა.
”რუსეთის ამგვარი პოზიცია არა მხოლოდ მთელ საქართველოს, არამედ ქართულ ოპოზიციასაც რთულ ვითარებაში აგდებს და ამის გამო ნებისმიერი ტიპის კონტაქტი რუსეთთან საკმაოდ რთულდება. ფაქტიურად, მე პირველი ვარ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის, რომელიც აქ ჩამოვიდა და ეს ნაბიჯი გარკვეულ, თუნდაც სერიოზულ, [პოლიტიკურ] რისკებთანაა დაკავშირებული,” – განაცხადა მან.
კითხვაზე, თუ როგორია მისი პარტიის ხედვა ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ნოღაიდელმა უპასუხა: ”საგარეო და საშინაო პოლიტიკის მთავარი მიზანი იქნება საქართველოს გაერთიანება; ყველა დანარჩენი არის შესაძლო მექანიზმები ამ პრობლემის მოსაგვარებლად”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)