აშშ-ის წლიური მოხსენება საქართველოს რელიგიური თავისუფლების შესახებ
რელიგიური თავისუფლებისადმი პატივისცემის კუთხით საქართველოში მდგომარეობა კვლავაც გაუმჯებესებას განაგრძობდა, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაში რელიგიური თავისუფლების შესახებ, რომელიც 2008 წლის 1 ივლისიდან 2009 წლის 30 ივნისამდე პერიოდს მოიცავს.
”რელიგიური უმცირესობების ჩაგვრის, მათ შორის ძალადობის, სიტყვიერი შეურაცხყოფის და [რელიგიური]მსახურების და შეკრებების ჩაშლის შემთხვევები შემცირდა,” – ნათქვამია 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, ”როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ისე რელიუგიურმა ლიდერებმა კლების ეს ტენდენცია დაუკავშირეს მთავრობის მიერ იმ ადამიანების სისხლის სამართლებრივ აქტიურ დევნას, რომლებიც თავს ესხმოდნენ რელიგიურ უმცირესობებს”.
იმ საკითხებს შორის, რომელიც უთანხმოებას იწვევს, მოხსენებაში მოყვანილია რელიგიური ჯგუფების სამართლებრივი სტატუსი და მათი რეგისტრაციის ფორმები. კანონის თანახმად, რელიგიური ჯგუფები, გარდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა, რომლის განსაკუთრებული როლიც აღიარებულია სახელმწიფოსთან 2002 წლის საკონსტიტუციო შეთანხმებით, შესაძლოა დარეგისტრირდნენ როგორც კავშირები, ან ფონდები.
რამოდენიმე რელიგიური ჯგუფი, მათ შორის კათოლიკური და სომხეთის სამოციქულო ეკლესია გამოხატავს უკმაყოფილებას იმ სტატუსით, რომელიც ამ ფორმით რეგისტრაციის შედეგად მიენიჭათ. ისინი კვლავ ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო ორგანიზაციებად დარეგისტრირებას და აცხადებენ, რომ მათ ურჩევნიათ, რომ ისინი აღიარებულნი იყვნენ სამართლებრივად როგორც ეკლესიები ან მიანიჭოთ მკაფიო სტატუსი, როგორც რელიგიაზე დაფუძნებულ ჯგუფებს, ნათქვამია მოხსენებაში.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის სამართლებრივ სტატუსში განსხვავება სიმბოლურია, ვინაიდან სხვა ჯგუფებიც იგივე სამართლებრივი დაცვით და მათი რელიგიური საქმიანობების პატივისცემით სარგებლობს, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. ერთადერთი უმნიშვნელო სხვაობა, მთავრობის თქმით, საგადასახადო შეღავათებს ეხება.
მოხსენების თანახმად, უთანხმოება სამართლებრივ სტატუსზე სირთულეებს ქმნის რელიგიური უმცირესობების სამლოცველოების აღსადგენად საჭირო დაფინანსების მისაღებად. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ თბილისში მდებარე სომხური ეკლესია ვერ იღებს კულტურის სამინისტროსგან დაფინანსებას აღდგენითი სამუშაოებისთვის იმის გამო, რომ სომხური სამოციქულო ეკლესია არ არის დარეგისტრირებული. მოხსენების თანახმად, კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი ვერ დააფინანსებს რეკონსტრუქციის პროექტს, სანამ ეკლესიას არ ეყოლება სამართლებრივად დარეგისტრირებული მფლობელი.
მოხსენებაში პრობლემათა შორის არის ნახსენები რამოდენიმე ეკლესიის საკუთრების გარშემო არსებული დავა. კათოლიკეებს და სომხეთის სამოციქულო ეკლესიას მიაჩნიათ, მოხსენების თანახმად, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ამ დავების მოგვარება იმის შიშით, რომ ”არ აწყენინოს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას”.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ როდესაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა თხოვეს პოლიტიკური პარტიებს შეხვედროდნენ კათოლიკურ მრევლს, რათა სადავო ეკლესიების საკითხი განეხილათ, პარტიის ლიდერებმა უარი თქვეს იმ მიზეზით, რომ, ”ისინი ვერ გარისკავდნენ ამ შეხვედრაზე მისვლას არჩევნების წინ, რათა ანტი-მართლმადიდებლებად არ წარმოჩენილიყვნენ.”
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ რელიგიური უმცირესობის რამოდენიმე ჯგუფი იტყობინებოდა მედიის მხრიდან უარყოფით დამოკიდებულებაზე.
”თუმცა უმეტესობამ ეს დაუკავშირა კერძო ჟურნალისტის დამოკიდებულებას და არა სისტემატურ, ორგანიზებულ მედია კამპანიას,” – ნათქვამია მოხსენებაში.
პროკურატურის მონაცემებზე დაყრდნობით, მოხსენება აცხადებს, რომ 2007 წლის ივლისიდან 2008 წლის მაისამდე რელიგიური თავისუფლების დარღვევის 24 საქმე იქნა გამოძიებული. ამ საქმეეების უმეტესობა იეღოვას მოწმეებს შეეხებოდა.
”პროკურატურამაც და იეღოვას მოწმეებმაც ეს ინციდენტები შეაფასეს, როგორც შედარებით უმნიშვნელო, რომელშიც მხოლოდ რამოდენიმე პირი მონაწილეობდა,” – ნათქვამია მოხსენებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)