მუხროვანის საქმე: სასამართლომ სახმელეთო ძალების სარდალი დაკითხა

3 ნოემბერს მუხროვანის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით საქართველოს სახმელეთო ძალების სარდალი, შმაგი თელია დაიკითხა.

5 მაისს მუხროვანის ბაზაზე განვითარებული მოვლენების დროს, თელია სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ორჯერ იყო შესული.

თელიამ განუცხადა სასამართლოს, რომ 5 მაისს, დაახლოებით დილის 6-დან 7 საათამდე, მას დაუკავშირდა მუხროვანში განთავსებული ეროვნული გვარდიის შენაერთის ხელმძღვანელობა და აცნობა, რომ ჯავშანსატანკო ბატალიონში ”რაღაც ხდებოდა”.

ჯავშანსატანკო ბატალიონის მუდმივი დისლოკაციის ადგილი იყო გორი, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ ეს ნაწილი დროებით მუხროვანში გადაიყვანეს, სადაც ასევე განთავსებულია ეროვნული გვარდიის შენაერთი.

თელიამ განუცხადა სასამართლოს, რომ მას მუხროვანში მყოფი ეროვნული გვარდიის შენაერთის სარდლობამ აცნობა, რომ ჯავშანსატანკო ბატალიონის პირადი შემადგენლობა შეიარაღებული იყო და რომ ”უცნობი პირები” და სამხედრო ტექნიკა ”მოძრაობდნენ” ნაწილის ტერიტორიაზე. მისი თქმით, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, გადაწყვიტა პირდაპირ სატანკო ბატალიონის მეთაურთან შოთა (მამუკა) გორგიაშვილთან გაერკვია სიტუაცია, თუმცა, მისი თქმით, მან გორგიაშვილთან დაკავშირება ვერ შეძლო. თელიას თქმით, ხელმძღვანელობას იმ დროისთვის მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა და თავის სერჟანტთან ერთად მუხროვანისკენ გაემგზავრა.

ნაწილის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, განაგრძო თელიამ, იგი უცნობმა,  სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა გააჩერეს, რომლებთანაც ხანმოკლე სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მათ ის ბაზის შტაბამდე მიაცილეს. თელიამ უთხრა სასამართლოს, რომ მას ბატალიონის მეთაურის კაბინეტში უნდოდა შესვლა, თუმცა უცნობმა სამოქალაქო პირებმა ის არ შეუშვეს და ამის სანაცვლოდ სხვა ოთახში შეიყვანეს, სადაც ის გორგიაშვილს შეხვდა.

ოქტომბერში გამართული სასამართლო სხდომების დროს პროკურატურის მოწმეთა უმრავლესობამ, რომლებიც იმ დროს მუხროვანში მსახურობდნენ, განუცხადეს სასამართლოს, რომ მათ ბაზის ტერიტორიაზე ნახეს რამოდენიმე (მაქსიმუმ 17) ”უცნობი შეიარაღებული სამოქალაქო პირი”. ბრალდების მხარის ვერსიით, ეს პირები ბაზის ტერიტორიაზე შეთქმულების თანამონაწილენი იყვნენ, რომლებიც კობა ოთანაძეს და სხვა სავარაუდო ორგანიზატორებს ეხმარებოდნენ. ამ პირთაგან რამოდენიმე ახლა განსასჯელთა სკამზე ზის და მათ ხელისუფლების დამხობის ბრალდება აქვთ წაყენებული. ისინი ბრალდებებს უარყოფენ და სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზეც უარს აცხადებენ. მოწმეების ჩვენებების მიხედვით, ამ უცხო პირებს სახე დაფარული ქონდათ, ხოლო თავზე, ზოგს კი ხელზე თეთრი ლენტები ეკეთათ.

თელიას თქმით, მას შემდეგ, რაც მან გორგიაშვილთან საუბარი დაიწყო, ცოტა ხანში მათ ლევან ამირიძე, იმ დროს ორთაჭალის ნაწილში განთავსებული რეინჯერთა ბატალიონის მეთაურიც შეუერთდა.

გორგიაშვილს და ამირიძეს ხელისუფლების დამხობის მცდელობასა და დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს. ორივე მათგანმა აღიარა დანაშაული დაუმორჩილებლობის ნაწილში, თუმცა ამბოხების და ხელისუფლების დამხობის დაგეგმვასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფენ.

”ჩვენ უსიამოვნო საუბარი გვქონდა,” – განაცხადა თელიამ.

მისი თქმით საუბარი შეეხო ”შიდაუწყებრივ პრობლემებს”. მისი თქმით, საუბრის დროს გორგიაშვილმა და ამირიძემ ”უკმაყოფილება გამოხატეს შიდაუწყებრივ საკითხებზე, გენინსპექციაზე, სამხედრო პოლიციაზე, ასევე სამხედრო აღლუმთან დაკავშირებით”.

თელიას თქმით, იმ დროს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აღლუმის გამართვა იგეგმებოდა. მოგვიანებით, ხელისუფლებამ აღლუმის ჩატარების გეგმა გააუქმა.

ოქტომბერში გამართულ სასამართლო პროცესებზე, დაახლოებით, 30-მდე ყოფილი თუ ამჟამინდელი სამხედრო დაიკითხა, რომლებიც იმ დროს ან მუხროვანის ან თბილისის რეინჯერთა ბატალიონის ნაწილებში მსახურობდნენ. ყველა მათგანი ბრალდების მხარის მიერ იყო გამოძახებული მოწმის სახით. იმ მოწმეთა უმეტესობამ, რომლებიც 5 მაისისთვის მუხროვანში მსახურობდნენ, უთხრა სასამართლოს, რომ ბატალიონის მეთაურმა გორგიაშვილმა 5 მაისის დილას, ბატალიონის პირადი შემადგენლობის მოწყობაზე გამოაცხადა, რომ წაგებული ომის შემდეგ აღლუმის გამართვა და მასში მონაწილეობა მისთვის მიუღებელი იყო და ამის გამო ის დაუმორჩილებლობას აცხადებდა. მოწმეთა უმრავლესობამ ასევე თქვა, რომ მეთაურმა იმავე მოწყობაზე უთხრა სამხედროებს, რომ მათ, ვინც მას არ ეთანხმებოდა, შეეძლოთ დაეტოვებინათ ბაზა. მოწმეების უმეტესობამ განაცხადა, რომ ბევრმა ჯარისკაცმა ბაზის ტერიტორიის დატოვება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 12 საათზე ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვებაში გამოაცხადეს, რომ მუხროვანის სამხედრო ნაწილში ”ამბოხება” ხდებოდა. თუმცა, რამოდენიმე მოწმემ ასევე განაცხადა, რომ მათ წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მეთაურმა დაუმორჩილებლობის შესახებ გააკეთა განცხადება და ამის შესახებ წინასწარ აცნობეს მეთაურს, რომელიც არ შეწინააღმდეგებია და ნაწილის დატოვებაში ხელი არ შეუშლია.

3 ნოემბრის სხდომაზე თელიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება და აღნიშნა, რომ ამირიძემაც და გორგიაშვილმაც უთხრეს მას შეხვედრისას, რომ არ ეთანხმებოდნენ აღლუმის ჩატარებას.

მოსამართლის ჯემალ კოპალიანის კითხვაზე, კონკრეტულად რას მოითხოვდნენ გორგიაშვილი და ამირიძე, ან რაიმე ულტიმატუმს თუ აყენებდნენ, თელიამ უპასუხა, რომ მისთვის გაუგებარი დარჩა, თუ რას ითხოვდნენ ისინი და რომ არანაირი ულტიმატუმი მათ არ წამოუყენებიათ.

”მათ ვერ გამცეს კონკრეტული პასუხი, თუ რას ითხოვდნენ… ისინი ამბობდნენ, რომ დაუმორჩილებლობას აცხადებდნენ, თუმცა ვერ მივიღე ამომწურავი პასუხი კითხვაზე – რატომ,” – დასძინა თელიამ.

თელიამ განაცხადა, რომ შეხვედრის დროს ამირიძე და გორგიაშვილი შეეცადნენ საუბარი პოლიტიკაზე ჩამოეგდოთ  (იმ დროს ოპოზიციის საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა) და მას ჰკითხეს ”მომწონდა თუ არა არსებული პოლიტიკური ვითარება”; თელიას თქმით, მან პოლიტიკაზე საუბარი მაშინვე ”აღკვეთა” და ეს თემა აღარც წამოწეულა.

მან ასევე განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ჯარში ზოგადი ფონი ”უარყოფითი” და ”ნევროზული” იყო. თელიამ ასევე აღნიშნა, რომ ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედროებს შორის გარკვეული უკმაყოფილებაც იყო იმის გამო, რომ ნაწილი გორიდან მუხროვანში გადავიდა, რადგან ბატალიონის პირადი შემადგენლობის უმრავლესობა გორის რაიონში ცხოვრობდა.

თელიამ ასევე განუცხადა სასამართლოს, რომ გორგიაშვილთან შეხვედრამდე და ბაზის ტერიტორიაზე შესვლამდე მას ჰქონდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჯავშანსატანკო ბატალიონი ბაზის ტერიტორიის დატოვებას და ნაწილის გარეთ გადაადგილებას გეგმავდა. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან დაინახა ბოქსებიდან გამოსული ორი ტანკი და ერთი ჯავშანტრანსპორტიორი, მას არ დაუნახავს მძიმე ტექნიკის ”კოლონა”, რომელიც მზად იყო ტერიტორიის დასატოვებლად. მან ასევე განაცხადა, რომ გორგიაშვილთან საუბრისას, ამ უკანასკნელმა უთხრა მას, რომ არ ჰქონდა განზრახული ნაწილის ტერიტორიის გარეთ გადაადგილების ბრძანება გაეცა. სხვა მოწმეებმაც უთხრეს სასამართლოს წინა მოსმენებზე, რომ გორგიაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებდა ბაზის ტერიტორიის დატოვების ან ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანების გაცემას.

თელიამ სასამართლოს მოახსენა, რომ როგორც სახმელეთო ძალების სარდალმა, გორგიაშვილს ოთხი ბრძანება მისცა: სამხედრო ტექნიკა ბოქსებში დაებრუნებინა; ბაზის ტერიტორიიდან უცნობი, შეიარაღებული სამოქალაქო პირები გაეყვანა; პირადი შემადგენლობა განეიარაღებინა; და ყაზარმებში დაებრუნებინა.

”ჩემი ბრძანებების შემდეგ მხოლოდ ერთი ტანკი მოიხსნა პოზიციიდან; დანარჩენი ბრძანებები კი შეუსრულებელი დარჩა,” – განაცხადა სარდალმა.

მან ასევე განაცხადა, რომ გორგიაშვილთან და ამირიძესთან საუბრის შემდეგ დატოვა ბაზის ტერიტორია და ვითარების შესახებ მაშინდელ თავდაცვის მინისტრს დავით სიხარულიძეს აცნობა, რომელიც იმ დროს ბაზის გარეთ იმყოფებოდა. თელიამ განაცხადა, რომ იმ დროისთვის შეიარაღებული ძალების მეოთხე ბრიგადა უკვე მობილიზებული იყო მუხროვანის ბაზის გარეთ და მზად იყო ემოქმედა საჭიროების შემთხვევაში. თელიას თქმით, თავდაცვის მინისტრის ინფორმირების შემდეგ, იგი დაბრუნდა მუხროვანის ნაწილში და ისევ შეხვდა გორგიაშვილს. მისი თქმით, დაბრუნებულს სიტუაცია გარკვეულწილად შეცვლილი დახვდა და ბატალიონის პირადი შემადგენლობის ნაწილი უკვე აღარ იყო შეიარაღებული.  

წინასწარი გამოძიების დროს გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში, თელია აცხადებს, რომ ”გამორიცხული არ არის”, რომ კობა კობალაძე, გია კრიალაშვილი და კობა ოთანაძე ბატალიონის მეთაურის ოთახში ყოფილიყვნენ მაშინ, როდესაც ის გორგიაშვილს და ამირიძეს ესაუბრებოდა. სწორედ ეს სამი ადამიანი დაასახელა პროკურატურამ ამბოხების და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორთა შორის.

კობალაძის ადვოკატის კითხვაზე, რატომ ჰგონია მას, რომ კობალაძე შესაძლოა მეთაურის კაბინეტში ყოფილიყო, სადაც ის არ შეუშვეს, თელიამ უპასუხა, რომ ეს მისი ”ვარაუდია”. მისი თქმით, საუბრის დროს გორგიაშვილმა და ამირიძემ რამდენჯერმე დატოვეს ოთახი და მეთაურის კაბინეტში გავიდნენ და მას შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ისინი იმ ოთახში ვიღაცას ეთათბირებოდნენ. თუმცა, მას არ უთქვამს, რომ პირადად ნახა ეს სამი ადამიანი.

ოქტომბერში სასამართლოს მიერ დაკითხულმა რამოდენიმე მოწმემ განაცხადა, რომ მათ ნახეს ოთანაძე და კრიალაშვილი ბატალიონის მეთაურის კაბინეტში; თუმცა, არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ იქ კობალაძეც დაინახეს.

თავის ჩვენებაში თელიამ ასევე განაცხადა, რომ ის უკვე წლებია პირადად იცნობს გორგიაშვილს და ამირიძეს და მათი ”დადებითად” დახასიათება შეუძლია. მან ასევე აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის დროს მათ ”სერიოზულად იბრძოლეს”, ხოლო გორგიაშვილზე მან თქვა, რომ ყოფილ მეთაურს მანამდე არასდროს გაუცია ”უკანონო ბრძანებები”.

სხდომაზე თელიას ერთი შეკითხვა გორგიაშვილმაც დაუსვა და ჰკითხა, ახსოვდა თუ არა მუხროვანში მათი საუბრის ის მონაკვეთი, როდესაც თელიამ უთხრა მას, რომ ქვეყანაში რთული სიტუაცია იყო და რომ რუსი სამხედროები ახალგორში, თბილისიდან 40 კილომეტრში იდგნენ. ”თქვენ მკითხეთ, რას ვიზამდი რუსების თავდასხმის შემთხვევაში და მე გიპასუხეთ, რომ მზად ვიყავი წავსულიყავი ყველაზე რთულ ადგილას ყველაზე რთული ამოცანის შესასრულებლად; ადასტურებთ, რომ ასეთ საუბარს ჰქონდა ადგილი ჩვენ შორის?” – ჰკითხა გორგიაშვილმა თელიას და ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ ეს სიმართლე იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)