ბურჯანაძე: არჩევნები სააკაშვილის გარეშე უნდა ჩატარდეს
დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 11 ნოემბერს განაცხადა, რომ მას არჩევნებში მონაწილეობა სურს, თუმცა არა სააკაშვილის ”რეჟიმის” პირობებში.
”მე დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი არ დათმობს მონოპოლიას არჩევნების შედეგებზე, არ შეცვლის საარჩევნო გარემოს. არ დათმობს მონოპოლიას ინფორმაციაზე, არ გაანთავისუფლებს მედიას. ამიტომ, ნებისმიერი არჩევნები, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს გაიმართება მხოლოდ გააძლიერებს რეჟიმს,”- განაცხადა ბურჯანაძემ ბრიფინგზე.
”საქართველოში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული არჩევნები აღარ უნდა ჩატარდეს,”- აღნიშნა მან.
ოქტომბერში ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ალიანსი საქართველოსთვის გადაწყვეტილებას მაისში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.
მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიათა მოქმედების პროცესში ხელისუფლების მიზანმიმართული ჩარევის შედეგად შეიქმნა ახალი პოლიტიკური რეალობა – ”მომლაპარაკებელი“ და ”შეურიგებელი“ ოპოზიცია, არჩევნებისა და აქციების გზა”.
ბურჯანაძის განცხადებით ის ”შეურიგებელთა” რიგებს ეკუთვნის და ამ ფრონტის ორგანიზებას ”ინტენსიურად” აგრძელებს.
”მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, მტკიცე და ურყევი პოზიციით და შეურიგებელი ბრძოლით ჩვენ შევძლებთ არსებული დანაშაულებრივი რეჟიმის შეცვლას, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნებას და წინსვლის უზრუნველყოფას,”- აცხადებს ბურჯანაძე.
იგი ასევე მიესალმა არასამთავრობო სექტორის მიერ 7 ნოემბერს ორგანიზებულ აქციას, როცა ”ერთ დაძახებაზე ათასობით მოტივირებული ჩვენი მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)