საგარეო უწყების ცნობით, სააკაშვილსა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან 18 ნოემბერს გამართული სატელეფონო საუბრისას ორმხრივ ურთიერთობებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე იმსჯელა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა.
”საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის ყურადღება მიიპყრო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებების გახშირებულ ფაქტებზე. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სოფელ ტირძნისში გატაცებული და დატყვევებული ოთხი ქართველი მოზარდის საკითხზე,” – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ამავე ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილმა სთხოვა აშშ-ს გამოიყენოს მთელი თავისი ავტორიტეტი და მოახდინოს ძალისხმევის კონსოლიდაცია მოზარდების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)