საარჩევნო წინადადებებზე მსჯელობა პარლამენტში გადაინაცვლებს

მას შემდეგ, რაც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფში ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა, მოსალოდნელია, რომ პროცესი უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს და დეპუტატები განიხილავენ იმ წინადადებებს, რომელთაც სამუშაო ჯგუფის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. 

ინტერპარტიული ჯგუფის ბოლო სხდომაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა წინადადებათა პაკეტზე ნაციონალურ მოძრაობასა და ალიანსი საქართველოსთვის შორის ბარიერთან დაკავშირებული განსხვავებული პოზიციების გამო. ალიანსის კომპრომისი იყო 50%-დან ბარიერის 45%-ზე დაწევა, მმართველი პარტია კი 30%-ს უჭერდა მხარს. ორივე წინადადება ჩავარდა, რის შემდეგაც ინტერპარტიულ ჯგუფში მმართველი პარტიის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ვეღარ ხედავდა რესურსს ამ ფორმატში მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. ალიანსმა კი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა გამოთქვა რა მზაობა ”გონივრული კომპრომისებისთვის”. 

24 ნოემბერს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ მოუწოდა პარტიებს ხელი მოაწერონ იმ წინადადებებს, მათ შორის თბილისის მერის 30%-ით არჩევის თაობაზე, რაზეც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფმა კონსენსუსს ვერ მიაღწია.

”ძალიან დროული ინიციატივაა, რომ ხელი მოვაწეროთ ყველამ და ის დაპირებები, რაც მან [ხელისუფლებამ] თავის დროზე გააკეთა და ის კომპრომისი, რაზეც წამოვიდა, ამაზეც რომ არ თქვას უარი,”- განაცხადა დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ქრისტიან-დემოკრატებიდან 24 ნოემბერს.  

”ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გამოდის ინიციატივით, რომ ჩვენ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ და წარმოადგენს იმ შეთანხმებებს, რომელიც მოხდა ჯგუფის ფარგლებში,”- განაცხადა აკაკი მინაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ედპ-ს დღევანდელი ინიციატივის კომენტირებისას.

მინაშვილმა 20 ნოემბერს Civil.Ge-ს განუცხადა, რომ მმართველი პარტია ინტერპარტიული ჯგუფის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი წინადადებების განხილვას პარლამენტში გააგრძელებს.

24 ნოემბერს ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა ის წინადადებები, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ხელი უკვე მოაწერეს თავად ედპ-მ, ქრისტიან-დემოკრატებმა, პაატა დავითაიას ჩვენ თვითონ,  გია თორთლაძის დემოკრატიულმა პარტიამ, ჯონდი ბაღათურიას ქართულმა დასმა, ტრადიციონალისტებმა.

ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ 24 ნოემბერს განაცხადა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია დისკუსიის გაგრძელება კომპრომისის მისაღწევად. ”რაიმეს ხელმოწერა და არ მოწერა არ არის პრინციპული საკითხი,”- აღნიშნა მან.

სავარაუდოდ, ამ წინადადებებზე მსჯელობა, რომლებზეც ხელმოწერა გრძელდება, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში კონსენსუსის არ არსებობის ფონზე პარლამენტში გადაინაცვლებს. 

ეს წინადადებები თბილისის მერის არჩევის კუთხით ითვალისწინებს პოლიტიკური გაერთიანების მიერ დასახელებული თბილისის მერობის კანდიდატის პირდაპირი წესით არჩევას ხმების არანაკლებ 30%-ით. თუ 30%-იან ბარიერს ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს, დაინიშნება მეორე ტური, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატიდან გამარჯვებულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას დააგროვებს.

იმავდროულად, საკრებულო იქნება 50-წევრიანი, რომელშიც 25 პროპორციული წესით და 25 მაჟორიტარი  ერთმანდატიანი ოლქებიდან, ყოველგვარი ბარიერის გარეშე აირჩევა. პროპორციული მანდატების მოსაპოვებლად კი პარტიებს 4%-იანი ბარიერის გადალახვა დასჭირდებათ.  

ამ წინადადებების თანახმად, შეიცვლება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად შერჩეულ ცესკოს თავმჯდომარის 3 კანდიდატურას წარუდგენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციურ წევრებს ასარჩევად. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ოპოზიციურ ხმათა უმრავლესობას, წარდგენილი 3 კანდიდატურიდან თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნები იქნებიან ოპოზიციური პარტიებიდან.

ამავე წინადადებების თანახმად, პოლიციის თანამშრომლებს შეეძლებათ ხმა მისცენ მაჟორიტარ კანდიდატებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სპეცუბანი, რომელშიც ის ხმას აძლევს, მისი მუდმივი საცხოვრებლის ოლქშია.

რაც შეეხება გასაჩივრების ვადებს, ის ყველა დონეზე იქნება 48 საათი, არსებული 24 საათის ნაცვლად.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)