საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მომავალ კვირას იქნება ინიცირებული
პავლე კუბლაშვილმა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მომავალ კვირას იქნება ინიცირებული.
კუბლაშვილმა ეს განცხადება დღეს პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები დაეფუძნება იმ წინადადებებს, რომლებიც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ინტერპარტიულ ჯგუფში მომუშავე პოლიტიკური ძალების დიდმა ნაწილმა, მათ შორის მმართველმა პარტიამ გაიზიარა. თუმცა NDI-ის ფორმატში გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა, რადგან კონსენსუსი არ არსებობდა წინადადებათა სრულ პაკეტზე.
ძირითადი წინააღმდეგობა გამოიწვია მმართველ პარტიასა და ალიანსი საქართველოსთვის შორის თბილისის მერის არჩევის ბარიერთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ, რის გამოც მმართველმა პარტიამ NDI-ში გამართული ბოლო უშედეგო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვერ ხედავდა ამ ფორმატში მოლაპარაკებების გაგრძელების რესურსს.
ალიანსი საქართველოსთვის მოლაპარაკებათა პროცესის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
”ჩვენ არ ვამბობთ პროცესზე უარს,”- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ალიანსიდან, ”ის რა ფორმითაც ხდება ახლა ამ საკითხების მიღება, ეს არღვევს იმ შეთანხმებულ პრინციპებს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)