ცხინვალის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ხუთი ოსი გაათავისუფლა
ცხინვალის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ სხვადასხვა პერიოდში დაკავებული ხუთი ოსი გაათავისუფლა.
ცხინვალში ”მძევლები” ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა ჩაიყვანა, იტყობინება 2 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტრო და აქვე აცხადებს, რომ ქართულ მხარეს ”უკანონოდ” დაკავებული კიდევ 40-მდე ოსი რჩება.
საქართველოს შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ცხინვალის ამ ინფორმაციაზე კომენტარისაგან თავი შეიკავა. თუმცა მან 20 ნოემბერს რადიო ”თავისუფლების” გადაცემას ”ეხო კავკაზა” განუცხადა, რომ ამ ხუთი ოსის ცხინვალში დაკავებულ ქართველებზე გაცვლაზე ჯერ კიდევ აგვისტოში იყო მოლაპარაკებები, თუმცა ”ბოლო მომენტში ოსებმა გადაიფიქრეს”. ინტერვიუში უტიაშვილი ასევე ამბობს, რომ ჩაშლილი გარიგების შემდეგ ხუთივე ოსი გორში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.
იმავდროულად, სეპარატისტების ცნობით, დღეს ცხინვალში იმართება ოთხი ქართველი მოზარდის საქმეზე სასამართლო პროცესი, რომლებიც ცხინვალის იზოლატორში 4 ნოემბრიდან არიან დაკავებულები ადმინისტრაციული ”საზღვრის უკანონო გადაკვეთისა” და იარაღისა და ასაფეთქებელი საშუალებების უკანონო შენახვისა და ტარების მოტივით.
”ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბატონი ჰამარბერგი დაარწმუნებს მათ, რომ ეს ბავშვები უნდა გამოუშვან,”- განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა 2 დეკემბერს.
თომას ჰამარბერგი 27 ნოემბრიდან აწარმოებს მოლაპარაკებებს თბილისსა და ცხინვალში დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)