ბაქრაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოზე ოპოზიციას შეთანხმებისკენ მოუწოდებს
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ერთიან კანდიდატურებზე შეთანხმებისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც, მისივე თქმით, პარლამენტში უკვე შევიდა კანდიდატურების სია.
”ოპოზიციის შეთანხმების შემთხვევაში, ჩვენ როგორც უმრავლესობა, მხარს დავუჭერთ ოპოზიციის მიერ შეთანხმებულ კანდიდატურებს,”- განაცხადა ბაქრაძემ 3 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე,
ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ ”დღეს პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტში შემოვიდა წარდგინება საბჭოს კანდიდატურებთან დაკავშირებით”, სადაც შეყვანილია ყველა დაინტერესებული პოლიტიკური პარტიისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციის კანდიდატურა.
თუმცა Civil.Ge-მ კანდიდატთა სია პარლამენტში ვერ მოიპოვა; ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში Civil.Ge-ს განუცხადეს, რომ კანდიდატთა სიები პარლამენტში ჯერ არ წარუდგენიათ.
პროცედურის მიხედვით პრეზიდენტმა თითო ვაკანტურ ადგილზე სამი კანდიდატურა უნდა წარადგინოს, შესაბამისად სულ 21 კანდიდატურა 7 ვაკანტურ ადგილზე. შემდეგ პარლამენტი თითო ადგილზე კენჭს უყრის სამ კანდიდატს ცალ-ცალკე და ვინც მეტ ხმებს მოაგროვებს, ის დამტკიცდება თითო ვაკანტურ ადგილზე.
დღესვე ბაქრაძემ წარმოადგინა ხუთი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის – კონსერვატორების, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ხალხის პარტიის, საქართველოს გზის და ქალთა პარტიის – ლიდერების მის სახელზე 25 ნოემბერს პარლამენტში შესული წერილი, სადაც ეს პარტიები გამოხატავენ სურვილს სამეურვეო საბჭოს რეორგანიზაციაში მონაწილეობაზე.
”ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან წინა დღეებში და მიუხედავად იმისა, რომ დაკომპლექტების პროცესი პრაქტიკულად ფინალურ ეტაპზე იყო… ჩავთვალეთ რომ საზოგადოების და საქართველოში პლურალიზმის ინტერესში შედის ის, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური პარტია იყოს წარმოდგენილი,”- განაცხადა ბაქრაძემ ამ წერილზე საუბრისას.
ამავე წერილში ხუთი პარტია, პირველ რიგში, სამეურვეო საბჭოს ე.წ. ”ოპოზიციური კვოტის” დეპოლიტიზაციისაკენ მოუწოდებს ხელისუფლებას; მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო უმცირესობა არ იტყვის უარს თავისი წარმომადგენლების დანიშვნაზე, მაშინ არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის შვიდიდან ხუთი კვოტის დათმობას მოითხოვს და ხუთივე ადგილზე ”მედია კლუბის” კანდიდატურებს უჭერს მხარს.
ბაქრაძის თქმით, კანდიდატების შეთანხმება ”ძირითადად” წარმოადგენს ოპოზიციის პრეროგატივას და ”პირველ რიგში, სწორედ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უნდა შეთანხმდნენ როგორ გადაინაწილებენ ისინი გამოყოფილ კვოტას”.
თუმცა ლევან ვეფხვაძემ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან განუცხადა Civil.ge-ს 3 დეკემბერს, რომ ის არ უჭერს მხარს ოპოზიციური კვოტის 5/2-ზე დაყოფის ფორმულას, რომელსაც არასაპარლამენტო ოპოზიცია სთავაზობს.
მან ასევე საყვედური გამოთქვა არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან პროცესში კანდიდატების შერჩევის ბოლო ეტაპზე ჩართვის გამო და აქვე დაკონკრეტების გარეშე დასძინა, რომ ”მედია კლუბიდან” რამოდენიმე კანდიდატურას მისი პოლიტიკური გაერთიანება მხარს არ უჭერს.
სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე 24 პირის სიაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 24 ნოემბერს გამოქვეყნდა, არის ”მედია კლუბის” მიერ დასახელებული ხუთი კანდიდატი: ნინო დანელია, იაგო კაჭკაჭიშვილი, შორენა შავერდაშვილი, ლია ჩახუნაშვილი და ლელა გაფრინდაშვილი.
ამავე სიაშია ნოდარ სარჯველაძე, რომელიც "ქრისტიან-დემოკრატიული ინსტიტუტი" თავმჯდმარეა. ეს ორგანიზაცია ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ დააფუძნა. ზოგიერთი ცნობის მიხედვით ქრისტიან-დემოკრატებს სიაში კიდევ ერთი სასურველი კანდიდატიც ყავთ, თუმცა ლევან ვეფხვაძე პარტიის ფავორიტ კანდიდატებზე საუბრისგან თავს იკავებს.
სიაში თავისი კანდიდატი პარტია ”ქართული დასის” ლიდერს, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიასაც ყავს, თუმცა მისი დასახელება ამ ეტაპზე არც მან ისურვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)