ბოკერია: რუსეთზე არასაკმარისი საერთაშორისო ზეწოლაა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ სეპარატისტულ რეგიონებში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხთან დაკავშირებით რუსეთზე არასაკმარისი საერთაშორისო ზეწოლა ხორციელდება.

”ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ არასაკმარისია ის ზეწოლა, რომელსაც დღეს ადგილი აქვს რუსეთზე. ზეწოლა არსებობს ნამდვილად – და მადლიერი ვართ ყველასი, ვინც ამ პოზიციას ინარჩუნებს და აფიქსირებს, ეს პრინციპში მათი ვალდებულებაც არის – მაგრამ არ არის საკმარისი. ამის შედეგია სწორედ ის, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა; გვაქვს პრაქტიკა უკვე – და ეს არ არის ცალკე იზოლირებული შემთხვევა – საქართველოს მოქალაქეების მოტაცების, დაკავების საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისთვის. ეს კეთდება იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება და სახელმწიფო იყოს მუდმივი წნეხის ქვეშ, იყოს პროვოცირებული,” – განაცხადა ბოკერიამ 3 დეკემბერს საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემა ”დიალოგი დავით პაიჭაძესთან” სტუმრობისას.

მისი თქმით, ამ პრობლემაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ, რადგან რუსეთი ამ ტერიტორიების კონტროლს ახორციელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)