საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს კანდიდატები დასახელდა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 15-წევრიან სამეურვეო საბჭოში შვიდი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატები დაასახელა.

შემოთავაზებული 21 კანდიდატი, კანონის თანახმად, თითო ვაკანსიისთვის სამ-სამ კაციან ჯგუფებად არის დაყოფილი. პარლამენტმა ყოველი ჯგუფის სამივე კანდიდატს უნდა უყაროს კენჭი და ჯგუფიდან ის ერთი კანდიდატი გახდება საბჭოს წევრი, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.

პირველი ვაკანტური ადგილისთვის შემდეგი კანდიდატები დასახელდნენ: მერაბ ბასილაია, სამართლებრივი განათლების ასოციაცია ALPE-ს მედია პროგრამების დირექტორი; მალხაზ ნარინდოშვილი, გაეროს ასოციაციის პროექტის კოორდინატორი, რომელიც ადრე თავისუფლების ინსტიტუტში მუშაობდა; და გიგა ნასარიძე, შპს "ფორმულა პლიუსის"  სცენარისტი, რომელსაც ”რუსთავი 2”-ზე პოლიტიკურ-სატირული შოუ მიჰყავდა.  

მეორე სამეული: ჯონი კალანდაძე, დროებით უმუშევარი; ნოდარ სარჯველაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქრისტიან-დემოკრატიული ინსტიტუტის” დირექტორი, რომელის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ დაარსდა; და იაგო კაჭკაჭიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სოციოლოგი.  ეს უკანასკნელი იმ კანდიდატებს შორისაა, რომელიც ”მედია კლუბმა” დაასახელა.

მესამე სამეული: ლევან ფოფხაძე, ტელეკომპანია "იმედის" ინჟინერი, რომლის კანდიდატურასაც, გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ლობირებს; ინგა ბოლოთაური, საქართველოს პარლამენტის მოწვეული სპეციალისტი; და ემზარ გოგუაძე  – დროებით უმუშევარი.

მეოთხე სამეული: ბადრი გვარამია, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი; ავთანდილ ანთიძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის J-4 ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამედიცინო უზრუნველყოფის, დაგეგმვისა და გარემოს დაცვის სამმართველო – ჯანმრთელობის დაზღვევისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი კონსულტანტი; ნანა გოგოჩაშვილი – დროებით უმუშევარი.

მეხუთე სამეული: გიორგი მელაძე, თავისუფლების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი; ლელა გაფრინდაშვილი, ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის თავმჯდომარე; და ნინო დანელია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროგრამის კოორდინატორი და მედია მკვლევარი. დანელიაც და გაფრინდაშვილიც ”მედია კლუბის” მიერ დასახელებული კანდიდატები არიან.

მეექვსე სამეული: ლია ჩახუნაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი (”მედია კლუბის” კანდიდატი); მზია გოგნიაშვილი, ჟურნალისტი და მაია მიშელაძე, გაზეთ ”ვერსიის” ჟურნალისტი.

მეშვიდე სამეული: მიხეილ აიდინოვი, ჟურნალისტთა ასოციაცია ”მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე; შორენა შავერდაშვილი, ჟურნალ "ლიბერალის" მთავარი რედაქტორი და თანადამფუძნებელი (”მედია კლუბის” კანდიდატი) და თამაზ ბიბილური, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის "სხივი" პრეზიდენტი, გაზეთ "სხივის" მთავარი რედაქტორი.

პარლამენტი შემოთავაზებულ კანდიდატებს დეკემბერში უყრის კენჭს.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC) მიერ საქართველოში მედიის მდგომარეობის შესწავლის მიზნით განხორციელებული კვლევის თანახმად, გამოკითხულ რესპონდენთა 60% აცხადებს, რომ კვირაში რამდენჯერმე უყურებენ საზოგადოებრივი ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემებს. თუმცა იგივე კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი რესპონდენტებისთვის ახალი ამბების მთავარ წყაროს არ წარმოადგენს, რადგან გამოკითხულთა მხოლოდ 25%-მა თქვა, რომ ისინი ხშირად უყურებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად. 

იმავე კვლევაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი ნდობის მაჩვენებელიც არ არის მაღალი. გამოკითხულთა მხოლოდ 26% აცხადებს, რომ მთლიანად ან გარკვეულ წილად ენდობიან საზოგადოებრივ ტელევიზიას. 18%-მა თქვა, რომ ისინი მთლიანად ან გარკვეულ წილად არ ენდობიან. თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობას გაუჭირდა გაეცა მკაფიო პასუხი შეკითხვაზე: ენდობოდნენ თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გამოკითხულთა 42%-მა არ იცოდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ამჟამად, მაუწყებელი ბიუჯეტიდან პირდაპირ ფინანსდება და დაფინანსების რაოდენობა მთავრობასა და პარლამენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუმცა მიმდინარეობს კონსულტაციები იმის თაობაზე, რომ მოხდეს დაფინანსების ძველი სისტემის აღდგენა, როდესაც თანხა განისაზღვრებოდა მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)