თბილისის თქმით, აფხაზეთის არჩევნები ”ამორალური კომედიაა”

სეპარატისტულ აფხაზეთში 12 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არის კრემლის მიერ დადგმული ”კომედია”, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

”რაც შეეხება ე.წ არჩევნებს აფხაზეთში, რომელიც უკვე აღარც სეპარატისტული რეჟიმის მქონე აღარ არის და რეგიონი უბრალოდ ოკუპირებულ ტერიტორიად იქცა, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კრემლმა აფხაზეთში ავტონომიური ელემენტი ბოლომდე გააქრო და ამორალურია რუსეთისგან ამ კომედიის დადგმა,” – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ 10 დეკემბერს.

სეპარატისტულ არჩევნებში სულ ხუთი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის ამჟამინდელი ლიდერი სერგეი ბაღაფში.

დანარჩენი ოთხი კანდიდატია: სეპარატისტული რეგიონის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა; ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი ბესლან ბუთბა, რომელიც ამჟამად ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერია; აფხაზეთის სანაოსნო კომპანიის ხელმძღვანელი ზაურ არძინბა და მეცნიერი ვიტალი ბგანბა.

”აფსნიპრესი” იტყობინებოდა 10 დეკემბერს, რომ არჩევნებში მონაწილეობას სულ 131 000 ამომრჩეველი მიიღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)