ნოღაიდელი კვლავ მოსკოვშია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური მოძრაობა სამართლიანი საქართველოს ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი 13 დეკემბერს მოსკოვში ვიზიტით გაემგზავრა, სადაც ბოლო პერიოდში ეს უკვე მისი მესამე სტუმრობაა.

ნოღაიდელის პარტიის  პრესსამსახურის ინფორმაციით, მათი ლიდერი მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის მმართველი პარტიის ”ედინაია რასიას” წარმომადგენლებთან პატიმრობაში დარჩენილი ორი ტირძნისელი მოზარდის გათავისუფლებაზე, ასევე რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის აღდგენის დაწყებაზე და სხვა თემებზე.

„ეს საკითხები ოპოზიციის მოსაგვარებელი არ არის, ამ საქმეს ხელისუფლება უნდა აკეთებდეს. მაგრამ დღეს საქართველოს უგუნური და ლაჩარი ხელისუფლება ჰყავს. ამიტომ, მისი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ", – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა მოსკოვში გამგზავრებამდე. 

იგი მოსკოვში ვიზიტისას ყოფილ პრემიერ-მინისტრს ევგენი პრიმაკოვსაც შეხვდება.

”ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში მესამე ვიზიტის ფარგლებში კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება იგეგმება,” – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)