აშშ ”ყველა ქვეყანას” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იან კელიმ 16 დეკემბერს განაცხადა, რომ ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარება არაფერს ნიშნავს და მოუწოდა ქვეყნებს, აშშ-ის მსგავსად, მხარი დაუჭირონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

”მე ვიტყოდი, რომ ნაურუს მიერ აღიარება ჩვენს თვალში აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს და ეს ვერ შეუწყობს ხელს ორივე სეპარატისტულ რეგიონში დე ფაქტო ხელისუფლებების ლეგიტიმურობის დამყარებას,” – განაცხადა მან. 

”ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მივიჩნევთ ამ ერთეულებს, როგორც საქართველოს ნაწილს და არა ცალკე წარმონაქმნებს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციის და საფრანგეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, და მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას ჩვენ მსგავსად მხარი დაუჭირონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს,”- აღნიშნა კელიმ ბრიფინგზე.

წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა რესპუბლიკამ ნაურუმ სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების გზით მიმდინარე კვირაში აღიარა და მეოთხე ქვეყანა გახდა რუსეთის, ნიკარაგუას და ვენესუელას შემდეგ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ნაურუ ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ მოსკოვისგან ფინანსურ დახმარებას ელის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)