თომას ჰამარბერგი ცხინვალში გაემგზავრა
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი, რომელიც თბილისში წუხელ ჩამოვიდა, ცხინვალში გაემგზავრა იქ პატიმრობაში დარჩენილი ორი ქართველი მოზარდის გათავისუფლების მიზნით მოლაპარაკებების გასამართად.
მისი შუამავლობით დეკემბრის დასაწყისში ცხინვალმა ოთხი დაკავებული მოზარდიდან ორი გაათავისუფლა და მიიღო დაპირება, რომ დარჩენილ ორს 13 დეკემბრის დილით გაათავისუფლებდნენ. თუმცა ეს დაპირება ცხინვალმა არ შეასრულა.
სეპარატისტმა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 16 დეკემბერს განაცხადა, რომ მოზარდების გათავისუფლებაზე საერთაშორისო შუამავლებთან არსებული ”გარკვეული შეთანხმებების” მიუხედავად, ეს ვითარება სადაო გახდა საქართველოს ხელისუფლების რიტორიკის გამო.
ეს განცხადება კოკოითმა რესპუბლიკური პარტიის წევრთან პაატა ზაქარეიშვილთან და ორ ქართველ ექსპერტთან ვახტანგ კომახიძესთან და მანანა მებუკესთან შეხვედრისას გააკეთა. სამკაციანი ჯგუფი ცხინვალს დაკავებული ქართველების საკითხთან დაკავშირებით ესტუმრა.
”ძალიან სამწუხარო არის, რომ ქართველი პოლიტიკოსის და ორი ექსპერტის ვიზიტი კრემლის საოკუპაციო რეჟიმის და მისი ყველაზე ოდიოზური წარმომადგენლის მხრიდან გამოყენებული იქნა პროპაგანდისტული მიზნებით საქართველოს წინააღმდეგ, ”- განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნუგზარ წიკლაურმა ქართველების ცხინვალში სტუმრობის კომენტირებისას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)