საქართველო და რუსეთი საზღვრის გახსნაზე შეთანხმდებიან
რუსეთსა და საქართველოს შორის ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი სავარაუდოდ 2010 წლის მარტში გაიხსნება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 24 დეკემბერს.
მისი თქმით, საზღვრის გახსნის შესახებ ოფიციალურ ოქმს მომდევნო ორ კვირაში მოეწერება ხელი.
იმავდროულად, ”რია ნოვოსტი” იტყობინება, რომ რუსი და ქართველი ექსპერტების შეხვედრა გუშინ ყაზბეგში გაიმართა თბილისში შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელთა მონაწილეობით. შვეიცარია რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
”მხარეთა დელეგაციები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია რუსეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენა, რაც 2010 წლის 1 მარტიდან იგეგმება,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” რუსეთის სახელმწიფო საზღვრის კეთილმოწყობის ფედერალური სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ორ ქვეყანას შორის სახმელეთო მიმოსვლა რუსეთის მიერ 2006 წლის ივლისში ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან ერთად შეწყდა; კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარეობს, თუმცა საქართველო მიიჩნევს, რომ ისინი უკანონოდ ფუნქციონირებს და ორ სეპარატისტულ რეგიონში ამ სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან შესვლას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)