ლავროვის თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობა რეგიონს საფრთხეს უქმნის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 24 დეკემბერს, რომ საქართველოს ”ამჟამინდელი ხელმძღვანელობა საფრთხეს წარმოადგენს რეგიონალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის”.

ეს საფრთხე ”ერთხელ უკვე გადაიზარდა ომში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რუსი სამშვიდობიების წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ,” განაცხადა მან აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოსკოვში 24 დეკემბერს.

”ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ მოხდეს ამის [შარშანდელი ომის] გამეორება და ვიმედოვნებთ, რომ მათ, ვინც განაგრძობენ ქართული არმიის აღდგენას, ესმით რას აკეთებენ და შეაკავებენ საქართველოს ახალი ავანტიურებისგან,” – განაცხადა ლავროვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება ”საიმედოდაა უზრუნველყოფილი”  მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ორ ”ახალ სახელმწიფოსთან” მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ყოვლისმომცველ შეთანხმებებს მოაწერა ხელი.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)