სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ”ჩაეფლო ჭაობში”

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”არ უხარია”, როცა დღეს ოპოზიციის ”ძალიან დიდი” ნაწილი იმაზე მეტადაა ”ჩაფლული ჭაობში”, ვიდრე ხუთი წლის წინ იყო.

”რომ ვუყურებ ჩვენი პოლიტიკური კლასის ერთ ნაწილს, ნამდვილად არ მიხარია, რომ ოპოზიცია არის ამ მდგომარეობაში. ძალიან დიდი ნაწილი ოპოზიციური სპექტრის ისე იქცევა, რომ რა უნდა მოხდეს, რომ მათ ხმა მისცე,”- განაცხადა სააკაშვილმა 12 იანვარს ბათუმში სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრისას.

”იმდენად წავიდა ქვეყანა წინ და ბევრი იმდენად დარჩა უკან, რომ უკვე ორი სხვადასხვა ეპოქის წარმომადგენლები ველაპარაკებით. ჩვენ, საზოგადოება გაჭირვებებით, უბედურებებით, ომებით, ემბარგოებით, ყველაფერ ამით, რაც დაგვატყდა თავს, მაინც წავედით სადღაც წინ და რაღაც დიდი ნაწილი არა მხოლოდ იქ დარჩა, სადაც იყო 5 წლის წინ, არამედ  კიდევ მეტად წავიდა სადღაც უკან და კიდევ უფრო მეტად ჩაეფლო ჭაობში,”- აღნიშნა მან.

შეხვედრაზე, სააკაშვილი ზოგადად განათლების სისტემაზე საუბრობდა. მან ეს განცხადება მაშინ გააკეთა როდესაც საუბრობდა მოსწავლეთათვის მეტი ინიციატივის მიცემის აუცილებლობაზე. მისი თქმით მომავალი თაობა არჩევნებს, კრიტიკულ აზროვნებას სკოლიდანვე უნდა მიეჩვიოს, მათ შორის ”კლასის პრეზიდენტის არჩევნების” მეშვეობითაც.

”ეს თამაშია ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ამითი ბავშვებს ვაჩვევთ რალურ დემოკრატიას და რეალურ კრიტიკულ აზროვნებას,” – განაცხადა მან.

მისი თქმით საქართველოში ხშირ შემთხვევაში პოლიტიკაში ”შემთხვევითი ადამიანები” ხვდებოდნენ და ეს რომ მომავალში გამოირიცხოს, მოსწავლეები თავიდანვე უნდა ეჩვეოდნენ საარჩევნო კამპანიებს და დემოკრატიის საფუძვლებს.

”ბავშვებს კრიტიკული აზროვნება უნდა ქონდეთ; ყველაფერი ეჭვქვეშ უნდა დააყენონ – რაც დღეს ვთქვი ესეც უნდა ეჭვქვეშ დააყენონ და ხანდახან ისიც ჯანსაღად ეჭვქვეშ უნდა დააყენონ რასაც მასწავლებელი მათ ეტყვის, მაგრამ ის კი არა რომ აუჯანყდნენ,” – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)