სააკაშვილი: სკოლებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდაა საჭირო

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 12 იანვარს, რომ საქართველოს სკოლებში აუცილებლად უნდა დაინერგოს სამხედრო-პატრიოტული აღზრდა.

”ჩვენ ეს ნაჩქარევად გავაუქმეთ. ჩვენ გვყავს საკმარისი კადრები, რომ სკოლებში ეს დაინერგოს,” – განაცხადა მან ბათუმში სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა ტელევიზიით. 

”ეს ელემენტარულად საჭიროა იმისათვის, რომ ბავშვებმა მინიმუმ ბევრი რაღაცა გაიგონ თავის ქვეყანაზე და ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ როგორც ვნახეთ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, საქართველოს და ქართველებს უნდა შეეძლოთ თავისი სოფლის დაცვა მაინც და თავისი უბნის. და საქართველოში იქმნება ეს სისტემა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა ადამიანი იყოს ჩართული ქვეყნის დაცვის საქმეში. მარტო 16, 20, 22 ათასი ჩვენი ჯარისკაცი 5 მლნ-იან ქვეყანას ვერ დაიცავს. 5 მლნ-იანი ქვეყანა ეს არის პირველ რიგში ამ 5 მლნ-ის საქმე, ისევე როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების საქმე,” – განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, განათლების ხარისხი საქართველოში მკვეთრად დაეცა, მათ შორის ”ბოლო წლებში დაშვებული შეცდომების გამოც”.

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა რუსეთზეც გააკეთა მინიშნებები.

”ქვეყანა, რომელსაც აქვს ჩვენზე 5-ჯერ ნაკლები ისტორია და გვედავება ჩვენ ისტორიულ ტერიტორიაზე და გვეუბნება, რომ ეს არასოდეს არ ყოფილა საქართველო, პრობლემა იმ ქვეყნის არის, რომ… – ეს არის ძალიან დიდი კულტურის ქვეყანა და ძალიან დიდი განათლების ისტორიულად -მაგრამ დღეს ხშირად გადაწყვეტილებებს იღებენ ასევე აბსოლუტური უმეცრები და იმათ მართლა გულწრფელად სჯერათ, რომ აფხაზეთში მართლა არასდროს არ ყოფილან ქართველები,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური)