ეუთოს ყაზახი თავმჯდომარე პირველ ვიზიტს სამხრეთ კავკასიაში გეგმავს
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს ახალმა მოქმედმა თავმჯდომარემ კანატ საუდაბაიევმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში თავისი პირველი ვიზიტით ის თებერვალში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ეწვევა.
”გაჭიანურებული კონფლიქტების” მოგვარებაში დახმარება ნებისმიერი თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტად რჩება და ჩვენ ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რათა წვლილი შევიტანოთ ამ რთულ პროცესში,” – განუცხადა მან ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს 14 იანვარს.
”ამავე დროს, ჩვენი ორგანიზაცია უნდა შეეცადოს იპოვოს გზა, რათა აღკვეთოს ანალოგიური კონფლიქტების გამეორება, რასაც თან სდევს ადამიანური ტრაგედია და ჰუმანიტარული კატასტროფები,” – განაცხადა მან.
”ამ მიზნით ჩემი, როგორც მოქმედი თავმჯდომარის პირველი ვიზიტი თებერვლის შუა რიცხვებისთვის დაგეგმილია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. სიამოვნებით მივიღებ ნებისმიერ რეკომენდაციას თქვენგან, ასევე დახმარებას და იდეებს იქ არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების კუთხით,” – განუცხადა საუდაბაიევმა საბჭოს წევრებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)