ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს

პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ დააგროვა საჭირო ოთხი ხმა იმ ოპოზიციური პარტიებისა, რომლებიც ცესკოში არიან წარმოდგენილი; შესაბამისად, არჩევის პროცედურა უკვე პარლამენტში ინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მმართველი პარტია მიიღებს.

ცესკოში წარმოდგენილი ექვსი ოპოზიციური პარტიიდან დღეს გამართულ სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ოთხმა წევრმა მიიღო ქრისტიან-დემოკრატიული, ჩვენ თვითონ; მრეწველების და ასევე რესპუბლიკური პარტიებიდან, თუმცა ფარული კენჭისყრის შედეგად ვერცერთი კანდიდატი ვერ გავიდა.

სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ ცესკოში ლეიბორისტული და კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლებს.

ცესკოს ოპოზიციურ წევრთა განცხადებით, მათთვის სამივე კანდიდატი – ლევან თარხნიშვილი, რომელიც 2007 წლიდან ცესკოს თავმჯდომარე იყო და ამჟამადაც მოვალეობას ასრულებს; ზურაბ ხარატიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი; და ოთარ სიჭინავა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე – არ იყო მისაღები და ამდენად, მათ არჩევანის საშუალება არ ჰქონდათ. 

”ეს სამი კანდიდატურა ჩემთვის კულუარულად ცნობილი იყო ჯერ კიდევ სამი კვირის წინ [ოფიციალურად კანდიდატები 12 იანვარს დასახელდნენ],”- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა ცესკოში ზურაბ მარაქველიძემ, რომელმაც სამივე კანდიდატი გადახაზა ბიულეტენში. 

კანონით დადგენილი ახალი ვადებით, პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს არსებული სამი კანდიდატიდან 21 იანვრამდე აირჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)