ეუთო მიესალმება საზოგადოებრივი მაუწყებლის მშპ-ზე მიბმულ დაფინანსებას

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში მიკლოშ ჰარაცი მიესალმა საქართველოს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე (მშპ) დაფუძნებული დაფინანსების სისტემის ხელახლა შემოღებასთან დაკავშირებით.  

დეკემბერში პარლამენტმა დაამტკიცა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსებას წინა წლის მშპ-ის არანაკლებ 0.12%-ით. ეს სქემა ძალაში 2011 წლიდან შევა. საქართველოს ანალოგიური სისტემა 2008 წლამდეც ჰქონდა, თუმცა მაშინ კანონით განსაზღვრული იყო მშპ-ის ღირებულების 0.15%-ით დაფინანსების წესი.

”საქართველომ დანერგა საზოგადოებრივი ტელევიზიის მშპ-ზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემა და მოხარული ვარ, რომ ის ამ მეთოდს დაუბრუნდა, თუმცა უფრო ნაკლები გარანტირებული მოცულობით. ეს იმ პრინციპის დადასტურებაა, რომ ტელევიზია თავისუფალი უნდა იყოს მთავრობის გავლენისგან,” – აღნიშნა მიკლოშ ჰარაციმ განცხადებაში, რომელშიც ის ასევე მიესალმა ესპანეთის რეფორმას საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების სისტემაში.

”საფრანგეთში უკვე არსებულ ანალოგიურ რეფორმასთან ერთად, ესპანური და ქართული დაფინანსების იდეები გვიჩვენებს ახალ, ინოვაციურ გზებს, რათა ვუზრუნველყოთ საზოგადოების სამსახურზე ორიენტირებული მაუწყებლობა, როგორც დემოკრატიის აუცილებელი ინსტიტუტი,” – დასძინა მან.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)