ნოღაიდელის თქმით, უკრაინას დამოუკიდებელი ტელევიზიების აღჭურვის მიზნით სტუმრობდა
ზურაბ ნოღაიდელმა, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერმა განაცხადა, რომ 20 იანვარს უკრაინაში მისი ერთდღიანი სტუმრობის მთავარი მიზანი დამოუკიდებელი ტელევიზიების ტექნიკური აღჭურვა იყო.
”ბიზნესმენებთან მქონდა შეხვედრა და საქართველოს დამოუკიდებელი ტელევიზიების ტექნიკური აღჭურვა იყო ამ ეტაპზე ჩემი შეხვედრის მთავარი მიზანი,”- განაცხადა ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ამ ეტაპზე არ დააკონკრეტა, რომელი ტელევიზიების დახმარება შედის მის გეგმებში, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარია ”ბევრზე”.
პრესკონფერენციაზე საუბრისას ნოღაიდელი ასევე შეეხო უკრაინაში ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებულ მოვლენებს, როგორც ”სხვა ქვეყნის საქმეებში სააკაშვილის ხელისუფლების ჩარევის კიდევ ერთი წარუმატებელ მცდელობას”. იგი უკრაინული მედიით გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერების გამო შს მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და დეპუტატ გივი თარგამაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოწოდებებს შეუერთდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)