საარჩევნო სიების გადმოწმებისთვის 1.2 მლნ ლარი გამოიყოფა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა 28 იანვარს განაცხადა, რომ საარჩევნო სიების გადამოწმებისათვის 1.2 მლნ ლარი გამოყოფა და თანაბრად გადანაწილდება ამ პროცესში მონაწილეობის მსურველ იმ პარტიებზე, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

მისი ინფორმაციით, სიების ”კარდაკარ” გადამოწმების თაობაზე განაცხადი ცესკოში ოფიციალურად ამ დროისთვის შვიდმა პარტიამ შეიტანა: მრეწველებმა, ახალმა მემარჯვენეებმა, რესპუბლიკელებმა, ქართულმა დასმა, საქართველოს გზამ, პარტიამ ჩვენ თვითონ და კონსერვატორებმა.

მმართველი პარტია ასევე გეგმავს სიების გადამოწმების პროცესში მონაწილეობის მიღებას, რომელიც კანონის თანახმად, 5 თებერვლიდან 15 მარტამდე უნდა განხორციელდეს და შედეგები ცესკოს 31 მარტამდე წერილობით ეცნობოს.

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების მთავარი ფუნქცია სიების მონიტორინგია. ”ჩვენი როლი არ არის, რომ ლეგიტიმაცია მივცეთ მათ სიებს და პასუხისმგებლობა გავიზიაროთ,”- აღნიშნა მან.

იმავდროულად, რესპუბლიკურმა პარტიამ ცესკოს ახალ ხელმძღვანელობას შესთავაზა ქმედითი მექანიზმების შემუშავება ოთხი მიმართულებით – საარჩევნოდ სიების გამოსასწორებლად; ობიექტური და დაბალანსებული მედია-გაშუქებისთვის; პოლიციის მიუკერძოებლობის; და საარჩევნო პროცესების გამჭირვალობის უზრუნველყოფად. 

”თითოეულ ამ საკითხზე ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები,”- განაცხადა რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ”მემორანდუმის მონაწილე სხვა სუბიექტებთან მათი შეჯერების შემთხვევაში, ”ალიანსი საქართველოსთვის“ მზად იქნება აქტიური მონაწილეობა მიიღოს შესაბამის სამუშაო და მონიტორინგის ჯგუფებში”.

ეს ინიციატივა რესპუბლიკელების ლიდერმა ზურაბ ხარატიშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული მემორანდუმის საპასუხოდ წარმოადგინა.

ხარატიშვილის წინადადება გულისხმობს მემორანდუმის შექმნას, რომელიც დაავალდებულებს პარტიებს, რომ  5 წლის განმავლობაში ცესკოდან არ გაიწვიონ თავიანთ წევრები, რაც მათ ”დამოუკიდებლობის ხარისხს” უზრუნველყოფს. მან ასევე შესთავაზა ცესკოში ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს, რომ კოორდინირება გაუწიონ იმ სპეციალური ჯგუფების მუშაობას, რომლებიც საარჩევნო სიების გადამოწმებას დაიწყებენ.

ეს განცხადებები ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ 26 იანვარს მაშინ გააკეთა, როცა ცესკოს მდივნად ხელმეორედ იქნა არჩეული გიზო მჭედლიძე, რომელსაც ეს თანამდებობა 2005 წლიდან ეკავა.  ცესკოს მდივნობაზე ოპოზიციიდან მისი კონკურენტი კონსერვატორი ნინო გოგუაძე იყო.

”ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან ჩვენს ინიციატივაზე რეაგირება ნათლად დაგვანახებს, მემორანდუმის იდეა მხოლოდ კომისიის მდივნის არჩევის პროცესში ექვსი ოპოზიციური პარტიის კანდიდატის არსებობის პიარ-გადაფარვას ემსახურებოდა თუ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვასაც,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ არც ცესკოს თავმჯდომარის და არც კომისიის მდივნის დანიშვნის პროცესში არც ერთი ოპოზიციური პარტიის მოსაზრება არ გაითვალისწინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)