საფრანგეთი და აშშ მიესალმებიან თბილისის სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ

აშშ-ის და საფრანგეთის საელჩოებმა თბილისში 28 იანვარს განცხადებები გამოაქვეყნეს, სადაც მიესალმებიან საქართველოს მთავრობის სტრატეგიას მისი ორი სეპარატისტული რეგიონის მიმართ.

აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ”აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებთან ჩართულობის სტრატეგიის” მიზნებსა და ამოცანებს.

”სტრატეგია დაძაბულობის განმუხტვისაკენ მიმართული კონსტრუქციული ნაბიჯია და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთელი მოსახლეობის ჩართულობას ითვალისწინებს,” – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

საფრანგეთის საელჩომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ”მნიშვნელოვანი” და ”კონსტრუქციული” ინიციატივა უწოდა.  

”ჩვენ მოვუწოდებთ სხვებს, განსაკუთრებით რეგიონის მოთამაშეებს, დადებითი პოზიცია მიიღონ ამ სტრატეგიის მიმართ და იმუშაონ მისი განხორციელების ხელშეწყობისათვის. ჩვენ განსაკუთრებით მოვუწოდებთ საქართველოსა და რეგიონალურ მოთამაშეებს შექმნან მისაღები გარემო ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის,” – ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

”ჩვენ განსაკუთრებით მოვუწოდებთ საქართველოსა და რეგიონალურ მოთამაშეებს შექმნან მისაღები გარემო ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის.”

”ჩვენ ველოდებით სამოქმედო გეგმას, რომელშიც განსაზღვრული იქნება სტრატეგიის განხორციელების კონკრეტული ეტაპები. ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ ახალ ძალისხმევაში, რომელიც ამ პროცესში კონკრეტული წარმატებების მიღწევის საშუალებას მოგვცემდა,” – ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს განცადებაში.

საქართველოს მთავრობა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებას 30 ივნისამდე გეგმავს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)