ეუთოს კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში აფხაზეთს სტუმრობს

ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი 2-5 თებერვალს სეპარატისტულ აფხაზეთს სტუმრობს, იტყობინება ”აფსნიპრესი”.

3 თებერვალს ვოლებეკი სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას, პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს და განათლების მინისტრს ინდირა ვარდანიას შეხვდება.

4 თებერვალს ეუთოს უმაღლესი კომისარი გალის რაიონში ჩავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. იგი ასევე ესტუმრება სოფელ ნაბაკევსა და პირველ ოტობაიას, სადაც ადგილობრივ სკოლებსაც მოინახულებს.

2009 წლის აპრილში აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, რომლის დროსაც იგი გალსაც სტუმრობდა, კნუტ ვოლებეკმა განაცხადა, რომ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლა ხორციელდება ”მათი განათლების უფლებების შეზღუდვის, იძულებითი პასპორტიზაციის, აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში იძულებითი გაწვევის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით.” 

აფხაზეთში გამგზავრებამდე ეუთოს უმაღლესმა კომისარმა 2 თებერვალს თბილისში გამართა მოლაპარაკებები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კომისარმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება და სეპარატისტული რეგიონების მიმართ საქართველოს მთავრობის სტრატეგია განიხილეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)