სააკაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს რომ არჩევნები 30 მაისს ჩატარდება
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 7 თებერვალს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნები 30 მაისს გაიმართება.
”იმისათვის რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას და პირველ რიგში, ოპოზიციურ პარტიებს, ჰქონდეთ საშუალება უკეთ მოემზადონ არჩევნებისთვის და უკეთესად დაგეგმონ საარჩევნო კამპანია, პრეზიდენტი მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს დროულად იქნას მიღებული კანონი და პირდაპირ დაიწეროს, რომ ადგილობრივი არჩევნები და მათ შორის თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები ჩატარდეს 30 მაისს,” – განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ადგილობრივი არჩევნების ჩატარების თარიღად 30 მაისი პირველად 2009 წლის ივლისში პარლამენტში გამოსვლისას დაასახელა, თუმცა ეს შეთავაზება ოფიციალურად მას შემდეგ ჯერ არ გაფორმებულა.
პარლამენტში წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა მიიღოს და რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას 2010 წლის 1 ივნისამდე; პროექტში კონკრეტული დღე დასახელებული არ არის.
კანონის თანახმად, პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს არჩევნების ზუსტი დღე და მან თარიღი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღით ადრე უნდა გამოაცხადოს.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე განაცახდა 6 თებერვალს, რომ სააკაშვილი ”მიესალმება ოპოზიციის ჩართულობას წინასაარჩევნო პროცესში”. მას მხედველობაში ჰქონდა ოპოზიციის მონაწილეობა ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესში.
”ისინი აქტიურად იქნებიან ჩართული ამ პროცესში, რაც თავისთავად მაჩვენებელია საარჩევნო პროცესის გამჭირვალობის. ეს კი საზოგადოების მთავარი მოთხოვნა და დაკვეთაა,” – განაცხადა მანჯგალაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)