სააკაშვილი: უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია

მას შემდეგ, რაც უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა , რომ ”უკრაინულმა დემოკრატიამ გაიმარჯვა”.

”ბევრ ევროპულ ქვეყანას შეიძლება შეშურდეს ის, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები უკრაინაში,” – განაცხადა სააკაშვილმა 7 თებერვალს უკრაინულ ტელეარხ ”უკრაინას” თოქ-შოუში ”შუსტერ Live” საუბრისას.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თბილისი და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები დარჩებიან მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება უკრაინის ახალი პრეზიდენტი.

იმ დროს როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა, უკვე ცნობილი იყო ეგზით-პოლების მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ვიქტორ იანუკოვიჩი უმნიშვნელოდ უსწრებდა თავის მეტოქეს, იულია ტიმოშენკოს. 8 თებერვალს დილით, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებში, ხმათა 90%-ის დათვლის შემდეგ, იანუკოვიჩს 48.4%, ხოლო ტიმოშენკოს 45.9% ქონდა.

”უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი ინტერესები სრულიად ემთხვევა ერთმანეთს,” – განაცხადა სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინულ თოქშოუში პირდაპირი ჩართვა ჰქონდა საქართველოდან.   

”დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას გააჩნია პოტენციალი გახდეს რეგიონალური ლიდერი. და დარწმუნებული ვარ, რომ გამოიძებნება სხვადასხვა ფორმები რომ უკრაინა გახდეს რეგიონალური ლიდერი,” – განაცხადა მან.

არჩევნების პირველ ტურზე საქართველოს მიერ წარგზავნილ დაურეგიტრირებელი დამკვირვებლების თემაზე საუბრისას, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ დამკვირვებლები ტიმოშენკოსთან და იანუკოვიჩთან, ასევე პრეზიდენტ იუშენკოსთან კონსულტაციების შედეგად გაგზავნა.

”ჩვენ გავაგზავნეთ დამკვირვებლები პირველ ტურზე – და არა 2 ათასი, როგორც ეს გამოცხადდა, არამედ დაახლოებით 200 ან 250 კაცი,”- განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველომ მაშინვე უკან გამოიწვია ისინი, როგორც კი ამ საკითხმა უკრაინაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და იანუკოვიჩმა მოუწოდა მათ დაეტოვებინათ უკრაინა.

”ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს არავითარი რესურსი და სურვილი – და არც არასდროს გვქონია – რომ ჩავრეულიყავით უკრაინის არჩევნებში,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი მეთვალყურეობს უკრაინის არჩევნებს და მთლიანობაში ჩვენ გავიზიარებთ იმ შეფასებას, რომელსაც ისინი გააკეთებენ”.

მან ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ არცერთი უკრაინელი ლიდერი არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ორ მეგობრულ ქვეყანას ”მტრებად” გადააქცევს.

”ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ მოხდეს აფხაზეთიდან 500 ათასი ადამიანის გამოდევნისა და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის დაკანონება… დამღუპველი იქნებოდა თავად უკრაინისთვის, რადგან ზოგიერთები გარკვეულ ტერიტორიულ პრეტენზიებს  უკრაინასაც უყენებენ,” – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)