მედვედევი: რუსეთისთვის სააკაშვილი ’პერსონა ნონ გრატაა’

რუსეთისთვის პრეზიდენტი სააკაშვილი პერსონა ნონ გრატაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 17 თებერვალს სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

”ჩვენ ადრე თუ გვიან დავუბრუნდებით ნორმალურ, სრულფასოვან ურთიერთობებს საქართველოსთან. სხვაგვარად არც შეიძლება, მაგრამ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან მე პირადად არანაირი საქმე არ მექნება. ის რუსეთის ფედერაციისთვის პერსონა ნონ გრატაა,”- იუწყება ”რია ნოვოსტი” მედვედევის სიტყვებზე დაყრდნობით.

”ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს არსებული სახელმწიფოებრივი, კონსტიტიციური პროცედურების ფარგლებში, ვის შეუძლია მართოს მისი სახელმწიფო და ვის შეუძლია საქართველო მიიყვანოს აყვავებამდე და ნორმალურ მეგობრულ ურთიერთობებამდე ცალკეულ ქვეყნებთან – რუსეთის ფედერაციასთან და აფხაზეთის რესპუბლიკასთან,”- განაცხადა მან.

მედვედევის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომი ვერ გააფუჭებს ”მეგობრულ გრძნობებს” ქართველ და რუს ხალხებს შორის.

”სამწუხაროდ, იმ ქმედებების შედეგად, რომლებიც განხორციელდა, დაიღვარა სისხლი, დაიხოცნენ ადამიანები და ეს ეჭვგარეშეა, რომ არის დანაშაული, რომელსაც უნდა მიეცეს ადეკვატური იურიდიული შეფასება,”- განაცხადა მან, ”ამ მოვლენების პოლიტიკური შეფასება დიდი რაოდენობით პატიოსანი, სოლიდური ადამიანებისთვის დღეს უკვე ერთმნიშვნელოვანია: მიუხედავად სხვადასხვა ტიპის მცდელობებისა, რომელსაც ქართული მხარე ეწეოდა, ყველასთვის ნათელია ვინ რა დაიწყო, ვის რა სურდა და ვინ რას მიაღწია”.

იმავდროულად, კრემლი იტყობინება, რომ მედვედევისა და ბაღაფშის ”უმაღლესი დონის” შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა ორმხრივი შეთანხმებების პაკეტს ტრანსპორტის, კომუნიკაციის, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობის საკითხებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)