ბაღაფში: საკუთრების რუსებზე გასხვისების საკითხი დეტალურ განხილვას საჭიროებს

საკითხი, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთის მოქალაქეებს საკუთრება, კერძოდ კი ბინები და სახლები შეიძინონ აფხაზეთში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 23 თებერვალს.

”ამ საკითხს სერიოზული განხილვა სჭირდება. მასთან დაკავშირებით ბევრი წინადადებები არსებობს. ჩვენ მას განვიხილავთ ქვეყნის ხელმძღვანელობაში, უშიშროების საბჭოში და მთავრობასთან და ასევე ოპოზიციასთან,” – განუცხადა ბაღაფშმა ”აფსნიპრესს”.

გასულ კვირას მოსკოვში ვიზიტის დროს ბაღაფშმა განაცხადა, რომ სოხუმი ცვლილებებს შეიტანდა კანონში და საშუალებას მისცემდა რუსეთის მოქალაქეებს სეპარატისტულ რეგიონში ქონება შეეძინათ. მისი თქმით, კანონი მხოლოდ სახლებს შეეხებოდა და არა მიწის ნაკვეთებს. მისი თქმით, ის შიშები, რომ რუსები მთელ აფხაზეთს შეიძენენ, უსაფუძვლოა.

23 თებერვალს ბაღაფშმა განაცხადა, რომ ეს ის საკითხია, რომელსაც ”დეტალური განხილვა” სჭირდება.

თებერვლის დასაწყისში რუსული გაზეთი ”მოსკოვსკი კომსომოლეცი” წერდა, რომ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების საკუთრების უფლებები ირღვეოდა, რადგანაც დაფიქსირდა ათობით, თუ არა ასობით შემთხვევა, როდესაც რუსებს სახლები ჩამოართვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ დაადასტურა, რომ ამგვარ შემთხვევებს მართლაც ჰქონდა ადგილი.

მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტული რეგიონის კანონი არ აძლევს უცხოელებს უფლებას ქონება შეიძინონ აფხაზეთში, მთელი რიგი შემთხვევები არსებობს, როდესაც რუსები სახლებს კანონის გვერდის ავლით ყიდულობენ. ”მოსკოვსკი კომსომოლეცი” წერდა, რომ რუსების მიერ ნაყიდი სახლები ძირითადად იმ ქართველებს ეკუთვნოდათ, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისიდან გააძევეს აფხაზეთიდან.

ბაღაფშმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი უკრძალავს იმ პირებს, ვინც აფხაზეთის მოქალაქეები არ არიან, ქონება შეიძინონ რეგიონში, ”არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ძირითადად რუსები, იღებენ რა კანონის გვერდის ავლით აფხაზეთის მოქალაქეობას, საცხოვრებელს იძენენ აფხაზეთში”. მან აღნიშნა, რომ ამგვარ სიტუაციას სამართლებრივი რეგულირება სჭირდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)