აშშ საქართველოს ენერგოსექტორს 124 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ 25 თებერვალს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი საქართველოს ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 124 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს.
დახმარება, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით განხორციელდება, იმ ერთმილიარდიანი დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოუყო.
შეთანხმების თანახმად, რომელსაც თბილისში აშშ-საქართველოს ეკონომიკური სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში მოეწერა ხელი, საქართველო იღებს ვალდებულებას თავის მხრივ საკუთარი ბიუჯეტიდან 115 მილიონი დოლარი გამოყოს იმ საერთო პროექტების განსახორციელებლად, რომელსაც ხელშეკრულება ითვალისწინებს. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ბიზნესის საკითხებში ხოსე ფერნანდესმა მოაწერს.
შეერთებული შტატების მთავრობა შეთანხმების ფარგლებში სამ პროექტს დააფინანსებს.
პირველი პროექტია – ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, რომლის მიზანია იმ ღონისძიებების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორში 70 მილიონი დოლარის მოძიებას და ამ თანხის 400 მეგავატი განახლებადი, სუფთა ჰიდროენერგიის გამომუშავებაში დაბანდებას. ამ მიზნით, აშშ დააფინანსებს ტექნიკურ, ეკონომიკურ და გარემოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარებას; საინვესტიციო გარემოს რეკლამირებას და მარკეტინგს, ასევე ხელს შეუწყობს მოლაპარაკებებს პოტენციურ ინვესტორებთან.
მეორე პროექტის – ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის გაჯანსაღება – ფარგლებში აშენდება ახალი გაზსადენი, რომელიც ფოთსა და იქ არსებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას უკვე არსებული გაზსადენის ქსელთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში, შეკეთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთები. პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ მოხდება 40 000 ოჯახის გაზიფიცირება.
მესამე პროექტი – ელექტროგადამცემი ხაზების გაჯანსაღება – ითვალისწინებს ”უმნიშვნელოვანესი” ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის, მათ შორის, სენაკი-1 და სენაკი-2 გადამცემი ხაზების შეკეთებას.
”შეთანხმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია დახმარების ახალი პროგრამების შედგენის საქმეში. ის დიდ როლს ითამაშებს საქართველოში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და დასაქმების პრობლემის მოგვარებაში. შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოსექტორის გამჭვირვალობას, მისი მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობას, ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელებას, რაც აუცილებელია კერძო ინვესტიციების მოსაზიდად,” – განაცხადა აშშ-ს საელჩომ თბილისში.
შეთანხმების თანახმად, საქართველო იღებს ვალდებულებას გააგრძელოს რეფორმები ენერგეტიკაში. რეფორმებმა ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას კერძო სექტორისა და ინვესტიციების ხარჯზე, აგრეთვე ენერგეტიკის მარეგულირებელი რგოლების დამოუკიდებლობას, გამჭვირვალე საგადასახადო შემოწმების დამკვიდრებას, გამჭვირვალე შესყიდვებსა და პრივატიზაციას. რეფორმებმა ხელი უნდა შეუწყოს სამართლიანი არბიტრაჟის ჩამოყალიბებას ინვესტორების ინტერესების დასაცავად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)