სააკაშვილი თავდაცვის ბიუჯეტის შემდგომი შემცირების წინააღმდეგია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განუცხადა დეპუტატებს 26 თებერვალს, რომ არსებული საფრთხეების ფონზე თავდაცვის ბიუჯეტის კიდევ უფრო შემცირება არასწორი იქნება.

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარაგამაძე მოუწოდა ხელისუფლებას, რომ შემცირდეს თავდაცვის უწყების დაფინანსება მშპ-ის 3%-მდე და დაზოგილი სახსრები ბიზნესის სტიმულირების პროექტებს მოხმარდეს.

”თავდაცვის ბიუჯეტი შევამცირეთ ორჯერ პრაქტიკულად ომის პირობებში მყოფმა ქვეყანამ,” – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამის საპასუხოდ.

”მინდა შეგახსენოთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება არ არის შესრულებული და სამშვიდობო ხელშეკრულება ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს; სამშვიდობო ხელშეკრულების სანაცვლოდ რუსეთი გვთხოვს ერთადერთ რამეს – აღიარებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის,” – განაცხადა მან.

2010 წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 750 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წელს დაგეგმილი მშპ-ის 19 მილიარდი ლარის 4%-მდეა. 2009 წელს თავდაცვის ბიუჯეტი 897 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო 2008 წელს – 1,547 მილიარდს.

საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის (International Crisis Group) მიერ 26 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც აფხაზეთს ეხება, ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველომ შეიარაღებული ძალებიდან 600 საშუალო რანგის ოფიცერი, მათ შორის 100 პოლკოვნიკი, დაითხოვა, რაც ნაწილობრივ ხარჯების შემცირებით იყო ნაკარნახევი. კრიზისების ჯგუფი ამ ინფორმაციის წყაროდ ქართველ სამხედრო პირებს და თბილისში აკრედიტირებულ ევროპელ დიპლომატებს ასახელებს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა 26 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას: ”კიდევ ერთხელ ვიმეორებ. საქართველო არასდროს არ დანებდება და არასდროს არ ჩაბარდება. როცა ვლაპარაკობთ, რომ ამ ორჯერ შემცირებულ თავდაცვის ბიუჯეტზე, რომ კიდევ ორჯერ შევამციროთ, ბატონო გიორგი [თარგამაძეს მიმართა], არც თქვენ ხართ მე მგონი ბუდისტურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, და არც მე ვგავარ დალაი ლამას, არც შესახედავად და არც ქმედებებით იმიტომ, რომ მე ჩემ ქვეყანაში მინდა ცხოვრება და ჩემ ქვეყანაში მინდა ბრძოლა ბოლომდე”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)