სეპარატისტული აფხაზეთის ყოფილი ლიდერი გარდაიცვალა

სეპარატისტული აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა 4 მარტს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკაში გარდაიცვალა, იტყობინება აფხაზური სააგენტო ”აფსნიპრესი”.

ამავე ცნობით, მძიმე ავადმყოფობის გამო ის მოსკოვის კლინიკაში 26 თებერვალს დააწვინეს.

მაისში არძინბას 65 წელი შეუსრულდებოდა.

არძინბა აფხაზური სეპარატისტული მოძრაობის ლიდერი იყო 90-იან წლების დასაწყისში. ის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტად 1994 წელს ადგილობრივმა პარლამენტმა აირჩია; ხოლო 1999 წელს ხელახლა იქნა პირდაპირი წესით არჩეული. 2003 წელს ჯამრთელობის გაუარესების გამო მას მოსკოვის კლინიკებში  მკურნალობა ხშირად უწევდა. თუმცა მან დე ფაქტო პრეზიდენტად, სრული ვადით, 2005 წლის თებერვლამდე იმსახურა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)