ბურჯანაძე პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მან იმიტომ გადაწყვიტა რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა, რომ გაერკვია, თუ როგორ განიხილავს მოსკოვი მომავალ ურთიერთობებს საქართველოსთან.

მისი თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ”იცოდეს, თუ რა პერსპექტივები აქვს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს”.

4 მარტს ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბურჯანაძემ განუცხადა ტელეკომპანია ”მაესტროს” ტელეფონით მოსკოვიდან, რომ შესაძლებელია მოლაპარაკებების დაწყება რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ”იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არსებობს იმის სურვილი, რომ ურთიერთობებს საქმიანი ხასიათი მიეცეს, ნაცვლად ამჟამინდელი ისტერიისა”.  

”თუმცა, ეს ძალიან რთულია და ამას წლები სჭირდება,” – განაცხადა მან.

ბურჯანაძის თქმით, შეხვედრის დროს რუსულმა მხარემ ”მზადყოფნა” გამოხატა ”დიალოგი გამართოს და შეეცადოს მოაგვაროს ის საკითხი, რომელიც ქართველი ხალხის შეშფოთების წყაროს წარმოადგენს”.

”უპასუხისმგებლოა განაცხადო – როგორც ამას ჩვენი მთავრობა ამბობს – ჩვენ არ გვექნება მოლაპარაკებები რუსეთთან, სანამ ის არ გაიყვანს ძალებს საქართველოს ტერიტორიებიდან. თუ არ იქნება მოლაპარაკებები, თუ არ იქნება მინიმალური ნდობა მაინც, რუსული ძალები არასდროს გავლენ იმ ტერიტორიებიდან,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ამ მიმართულებით და ამის სანაცვლოდ, საბრძოლო რიტორიკას იყენებს, აცხადებს რა, რომ მან ყველაფერი სწორად გააკეთა და ყველაფერი რუსეთის ბრალია.

”ერთი მხარე ვერ იქნება ყველაფერში მართალი და მეორე ყველაფერში მცდარი – და ეს ტალიავინის დასკვნამაც დაადასტურა… შეცდომები ორივე მხარემ დაუშვა,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

”მე ამ შეხვედრაში იმიტომ კი არ მივიღე მონაწილეობვა, რომ წარსულზე მესაუბრა, არამედ მეცადა სამომავლო მოგვარების გზები მომენახა. წარსულზე ისტორიკოსებმა უნდა ილაპარაკონ,” – განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ ვინ იყო პუტინთან შეხვედრის გამართვის ინიციატორი, ბურჯანაძემ ნათელი პასუხი არ გასცა, მხოლოდ განაცხადა, ეს ”ორმხრივი სურვილი” იყო.

”ბუნებრივია, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს სურვილი საქართველოს წარმომადგენლებს ესაუბრონ,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ის ბრიუსელს ესტუმრება, ხოლო შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბურჯანაძის თქმით, ის მეზობელ ქვეყნებშიც გეგმავს სტუმრობას.

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ზურაბ ნოღაიდელის პარტიისგან განსხვავებით, მისი პარტია არ აპირებს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწეროს ხელი რუსეთის მმართველ პარტიასთან.

”ურთიერთობები პოლიტიკურ პარტიებს შორის მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიგეგმოს, რაც რუსულ-ქართული ურთიერთობები ნორმალური გახდება. ახლა არ არის დრო პარტიებსშორისი ურთიერთობებისთვის. მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ რუსული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გავარკვიო,” – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)