პრეზიდენტი საჯარო მოხელეთა ნარკოლოგიური შემოწმების ინიციატივას მიესალმა
პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა საჯარო მოხელეთა ნარკოლოგიური შემოწმების ინიციატივას და განაცხადა, რომ ის მზადაა პირველმა გაიაროს ასეთი ტესტი.
საჯარო სამსახურში მასიური ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების ინიციატივით საპარლამენტო უმცირესობიდან დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე გუშინ გამოვიდა.
”ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო იდეა, რომელიც მე ბოლო ხანებში მოვისმინე… ყველა ასეთი ჯანსაღი ინიციატივა, რომელიც წამოვა პოლიტიკური ჯგუფებისგან, მთავრობის მიერ უნდა იქნას ყურადღებით მოსმენილი, პირველი ინსტინქტი არ უნდა იყოს უარყოფა და როცა საჭიროდ ჩაითვლება ქვეყნისთვის, გაზიარებული,”- განაცხადა 6 მარტს სააკაშვილმა შეხვედრაზე, რომელსაც დეპუტატი ლორთქიფანიძე და ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ესწრებოდნენ.
მისი თქმით, ტესტები თმის ღერის ანალიზის თანამედროვე მეთოდებით უნდა ჩატარდეს. აღნიშნული მეთოდი აჩვენებს რომელი სახის ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა მინიმუმ 90 დღის განმავლობაში პიროვნებამ.
”მომავალ კვირას პირველი ჩავაბარებ მე თმებს,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”საჯარო სექტორი და ეს არის 100 ათასი ადამიანი, პრაქტიკულად გავწმინდოთ ბოლომდე ნარკოტიკებისგან… ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას”.
მისი თქმით, სახელმწიფო სექტორში უნდა დარჩეს მხოლოდ ”ჯანმრთელი ბირთვი”. მან ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო მზადაა დააფინანსოს კერძო სექტორიც, თუ ის ნარკოლოგიური შემოწმების სურვილს გამოთქვამს.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ნარკომანიის პრობლემა არის ”კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის”. მისი თქმით, მხოლოდ ნარკოტიკების გასაღების გამო 6 ათასი ადამიანი იხდის სასჯელს.
”ბოლო წლებში ნარკომანიის დონე დასტაბილურდა, მაგრამ ეს მოვახერხეთ ჩვენ მხოლოდ დრაკონული ზომებით, რაც თავისთავად გამოსავალი არ არის,”- განაცხადა მან, ”სოციალურად ნარკომანია უნდა იყოს მიუღებელი… თუ ჩვენ შევძელით ამ სოციალური გარემოს შექმნა, მაშინ სიტუაცია გადატყდება, მხოლოდ რეპრესიული მეთოდებით ეს სიტუაცია არ გადატყდება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)