”პრაიმერის” ჯგუფი მერობის კანდიდატს სოციოლოგიური კვლევით გამოავლენს
თბილისის მერობის კანდიდატი სოციოლოგიური კვლევით, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატები ”პრაიმერის” მეშვეობით გამოვლინდებიან, განაცხადეს დღეს ”პრაიმერის” მომხრე პარტიებმა.
სოციოლოგიური გამოკითხვა და ”პრაიმერი” 5-დან 20 აპრილამდე ჩატარდება და ის 28 მარტამდე ღია იქნება მონაწილეობისათვის ნებისმიერი დაინტერესებული პოლიტიკური ძალისათვის, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ კონსერვატორები, ხალხის პარტია, ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, ასევე მომავლის პარტია, ქრისტიანული საქართველო და პოლიტიკური გაერთიანება ”მამულიშვილი”.
”პრაიმერის” ინიციატორი პარტიები თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოცხადებას 9 აპრილს, სპორტის სასახლეში დაგეგმილ შეკრებაზე აპირებენ.
ე.წ. ”პრაიმერის” ჯგუფში, ამ ეტაპზე საჯაროდ მერობის ორი პრეტენდენტია დასახელებული – კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური და ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი. ნოღაიდელის თქმით, იგი მერად კენჭისყრას არ აპირებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია დაიცავი საქართველოს ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის პოზიცია იმასთან დაკავშირებით მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას სოციოლოგიურ კვლევაში იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტს მერად იყაროს კენჭი.
”პრაიმერის” ჯგუფთან ერთიან კანდიდატზე მოლაპარაკებების უშედეგო მცდელობის შემდეგ, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა და მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ დროის დაკარგვას არ აპირებს და იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)