სააკაშვილი: რუსეთის ემბარგომ აზრი დაკარგა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს საკუთარ ბაზარზე ქართული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის გზით.

მისი თქმით, რუსული ემბარგოს შედეგი ”იმის საპირისპირო გამოდგა, რაც პრემიერ-მინისტრ პუტინს, ამ ემბარგოს ინიციატორს, ჰქონდა დასახული მიზნად, როდესაც სამი წლის წინ ქართულ საექსპორტო პროდუქციას სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ მოახერხა თავისი ექსპორტის დივერსიფიცირება და ქვეყანა აღარ არის დამოკიდებული რუსულ ბაზარზე.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თუ რუსეთი დათანხმდება ქართული პროდუქციის თავის ბაზარზე დაბრუნებას, ”ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს საქართველო შეუყვარდა”.

”მას ისევე უყვარს საქართველო, როგორც უყვარდა ვლადიმერ ლენინს, აღა მაჰმად-ხანს, შაჰ-აბასს,” – განაცხადა მან.

”რეალურად ემბარგომ დაკარგა ყველანაირი აზრი. ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა. ქართველმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია მყარად ვიდგეთ ფეხზე; გვაჩვენა გამოცდილებამ, რომ მხოლოდ ერთ ბაზარზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული და ჩვენ ამას წარმატებით ვაკეთებთ,” – დასძინა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)