PACE-ს მომხსენებლები საქართველოს ეწვევიან
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები 21-24 მარტს საქართველოს ეწვევიან, რათა მაისის ადგილობრივი არჩევნების, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმების, მედიის თავისუფლების და უმცირესობათა საკითხები განიხილონ, იტყობინება PACE-ს პრესსამსახური.
საქართველოზე PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, მათიას ეორში და კასტრიო ისლამი პრეზიდენტ სააკაშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის და კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელებს, ასევე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
წინასწარი ინფორმაციით, აპრილში PACE-ს სხდომაზე საქართველოს საკითხს აგვისტოს ომის კონტექსტში განიხილავენ. PACE-მ სამი რეზოლუცია მიიღო ომის შედეგებთან დაკავშირებით. შარშან სექტემბერში მიღებული ბოლო რეზოლუცია მოუწოდებდა რუსეთს 2009 წლის ბოლომდე შეესრულებინა ასამბლეის 2009 წლის იანვრის და 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციებით დაკისრებული ვალდებულებები.
PACE-ს საგაზაფხულო სესიის 28 აპრილის დღის წესრიგის პროექტში ასევე შედის ჰეიდი ტალიავინის განცხადება. სწორედ ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ფაქტების დამდგენ მისიას, რომელმაც 2009 წლის სექტემბერში აგვისტოს ომის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)