სააკაშვილმა ქართველი მორაგბეები რუსეთის ნაკრების დამარცხების გამო დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 მარტს საქართველოს რაგბის ნაკრების თითოეული წევრი ევროპის ერთა თასის ბოლო მატჩში რუსეთის ნაკრების 36-8 ანგარიშით დამარცხების შემდეგ ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

საქართველოსაც და რუსეთსაც შაბათის მატჩამდე მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდათ – საქართველომ 27 ქულა მოიპოვა ჯგუფში, ხოლო რუსეთმა – 25.

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებთან საუბრისას სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა გუნდს იმისათვის, რომ მათ რუსეთის წინააღდეგ ჩატარებული მატჩი დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას მიუძღვნეს.

”მე არ მინდა სპორტის პოლიტიკასთან გაიგივება. ჩვენ არანაირი არც სიძულვილი და არც ბოღმა არ უნდა გვქონდეს სპორტსმენებზე; სპორტი არის მეგობრობისთვის. მაგრამ მე შევამჩნიე ერთი რამ – ჩვენ ეს არ გვაქვს ქართველებს; მაგრამ არც ერთმა ტელეარხმა რუსეთში არ შეატყობინა არავის თქვენი გამარჯვების ამბავი,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”ქართველებმა გუშინდელ მატჩს ”ღირსების მატჩი” უწოდეს; მინდა მთელი გუნდი ღირსების ორდენებით დავაჯილდოვო,” – განაცხადა მან.

რუსეთ-საქართველოს მატჩი თურქეთის ქალაქ ტრაბზონში ჩატარდა. სტადიონზე 6 ათასამდე ქართველი გულშემატკივარი იმყოფებოდა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, კულტურის და სპორტის მინისტრი ნიკა რურუა, საქართველოს ელჩი გაეროში ალექსანდრე კომაია და პირველი ლედი სანდრა რულოვსი.

უკრაინაში, ერთი წლის წინ ამ სეზონის ტურნირის პირველ მატჩზე ქართველმა რუსები ანგარიშით 29-21 დაამარცხეს. 

შაბათის მატჩი ქართულმა ტელეკომპანიებმა ფართოდ გააშუქეს. იგი დღის მთავარ თემად იქცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)