საქართველო ავღანური მისიისთვის ამერიკულ დაფინანსებას მიიღებს
საქართველო იმ ექვს ქვეყანას შორისაა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისგან წელს დაფინანსებას მიიღებს იმ პროგრამების განსახორციელებლად, რომელიც ამ ქვეყნების სამხედრო კონტიგენტებს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მოამზადებს, განაცხადა პენტაგონმა 26 მარტს.
”ექვსი პროგრამა მიმართულია საქართველოს, ხორვატიის, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის ძალების შესაძლებლობების ზრდისკენ, რათა მათ ამერიკულ ძალებთან ერთად იმუშავონ ავღანეთში,” – განაცხადა პენტაგონმა.
კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში პენტაგონი აცხადებს, რომ წელს ამ პროგრამისთვისთვის 350 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა. პენტაგონმა ასევე განაცხადა, რომ გარდა ამ ექვსი ქვეყნისა, ამ დაფინანსებიდან თანხები ასევე გამოიყოფა იემენისა და ფილიპინებისთვის, რათა მათ საკუთარი შეიარაღებული ჯარები ქვეყნის შიდა ოპერაციებისთვის მოამზადონ.
პროგრამის დეტალები – მისი აღწერილობის, ვადების და ხარჯების შესახებ მონაცემების ჩათვლით, ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც თავდაცვის დეპარტამენტი მეორე წერილობით შეტყობინებას გაუგზავნის კონგრესს, განაცხადა პენტაგონმა.
საქართველომ ავღანეთში 175 სამხედრო უკვე გააგზავნა და აპრილში ერთი ქვეითი ბატალიონის გაგზავნასაც აპირებს, რომელიც ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ჰელმანდის პროვინციაში განთავსდება. ამ ბატალიონის გაგზავნის შემდეგ ქართული სამხედროების რაოდენობა ავღანეთში 950-მდე გაიზრდება. შედეგად, საქართველო გახდება ერთ სულ მოსახლეზე შეფარდებით ავღანეთში ყველაზე დიდი კონტიგენტის მქონე ქვეყანა.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ალექსანდრ ვერშბოუმ თბილისში უსაფრთხოების საკითხებზე ოქტომბერში გამართული აშშ-საქართველოს მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ის დახმარება საქართველოს თავდაცვის რეფორმებისადმი ”გრძელვადიანი ვალდებულებაა” და ამ ეტაპზე აქცენტი წვრთნებზე, განათლებაზე, სამხედრო დოქტრინასა და ავღანეთის ოპერაციისთვის ქართული ძალების მომზადებაზე გაკეთდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)